logo
ENG



ალიევი სომხეთს აფრთხილებს, რომ აღებული სოფლების დაბრუნების მცდელობას სისხლისღვრა მოჰყვება

15 ოქტ 202015:48
3 წუთის საკითხავი
 
mt50e3ewm2b21pu.jpg

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ აზერბაიჯანის მიერ "გათავისუფლებული" ტერიტორიების უკან დაბრუნების მცდელობას მხოლოდ ახალი მსხვერპლი და სისხლისღვრა მოჰყვება. 

"ცხადი გზავნილი გავგზავნე სომეხ ხალხთან და მათ ხელისუფლებასთან, რომ შეწყვიტონ აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებული ტერიტორიების აღების მცდელობები. ეს მხოლოდ ახალ მსხვერპლს და სისხლისღვრას მოიტანს", - დაწერა ალიევმა Twitter-ზე. 

გუშინ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის "ძლევამოსილმა არმიამ" ყარაბაღის რეგიონში 8 სოფელი გაათავისუფლა. 

"დიდება აზერბაიჯანის არმიას. ყარაბაღი აზერბაიჯანია", - დაწერა ალიევმა ტვიტერზე. 

27 სექტემბერს ყარაბაღის გარშემო სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა უკვე 30 სოფელი აიღეს. 

პარალელურად, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ალიევი ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ ალიევის ხელისუფლებამ სომხურ მხარეს მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობა შესთავაზა, რაც, მისი თქმით, მიუღებელია. 

"ეს იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიების დათმობას გვთხოვენ არა სტატუსის, არამედ მშვიდობის სანაცვლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანი იმუქრება, რომ საკითხს ომის გზით გადაჭრის. ჩვენი მთავრობა უარს ამბობს საკითხი ამგვარად განიხილოს, რადგან ეს ჩვენთვის მიუღებელია", – თქვა ფაშინიანმა.

გუშინ, 14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა ყარაბაღის კონფლიქტში ახლო აღმოსავლელი მებრძოლების ჩართვის გამო. 

ფაშინიანმა კონფლიქტის დაწყებიდან არაერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ ყარაბაღში სირიელ მებრძოლებს გზავნის. 

ფაშინიანის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ აზერბაიჯანი და თურქეთი. 

მთიანი ყარაბაღის რეგიონში ახალი სამხედრო კონფლიქტი 27 სექტემბერს დაიწყო. 

10 ოქტომბერს მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების მიუხედავად, შეთანხმება იმავე დღეს, მოლაპარაკების დასრულებიდან რამდენიმე საათში დაირღვა. 

ორივე მხარე შეთანხმების დარღვევაში ამ დრომდე  ერთმანეთს ადანაშაულებს. 


close დახურვა