logo
ENG



ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ ჰაზი საქართველოში არ შემოუშვეს

12 იან 202313:58
3 წუთის საკითხავი
clock 804

 

ილჰამ ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, სეიმურ ჰაზი საქართველოში არ შემოუშვეს. სარფში საზღვრის კვეთაზე მას უარი უთხრეს.

"ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი მითხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე. მე ვარ ჟურნალისტი, მაქვს კრიტიკული პოზიცია და ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა ამის მიზეზი. საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალიან ახლო ურთიერთობაშია და სხვა ვერაფერს ვიფიქრებ, ეს არის შეთანხმებული მოქმედება, სხვა მიზეზი არ ვიცი. მე და მუხთარლი ერთად ვმუშაობდით, ეს საქმეები ერთმანეთს ჰგავს", - ამბობს ჟურნალისტი.

სეიმურ ჰაზი ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტი იყო, რის გამოც აზერბაიჯანული რეჟიმი მას ყოველთვის დევნიდა.

კოლეგისთვის საზღვრის კვეთაზე უარს ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გამოეხმაურა. მისი თქმით, ალიევის რეჟიმი ივანიშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და საქართველოში შემოსვლაზე უარიც ამ თანამშრომლობის შედეგია. 

"ივანიშვილის რეჟიმმა სეიმურ ჰაზის საქართველოში შემოსვლა აუკრძალა. დღეს ბატონი სეიმური სარფის გასასვლელი პუნქტიდან საქართველოში არ შეუშვეს. ივანიშვილის ხელისუფლება განუწყვეტლივ დგამს უკანონო ნაბიჯებს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, აქტივისტების წინააღმდეგ. თბილისში მცხოვრები ყველა აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტი და ჟურნალისტი ჩემი გატაცების შემდეგ, ივანაშვილის მოთხოვნით გააძევეს საქართველოდან. ივანაშვილი ალიევისგან მილიონებს იღებს ამ სამუშაოებისთვის. ამათი ურჯულო დედების გამო ალიევი აჭმევს ივანაშვილს და მის გაუმაძღარ გუნდს", - წერს მუხთარლი.


close დახურვა