ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 33 პაციენტი რჩება. აქედან რამდენიმე პაციენტის ხელახელი შემოწმებაა საჭირო. ამ ადამიანების ხელახალი ტესტირებისთვის კლინიკამ დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე მიმართა.
„ამ დილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 33 მოქალაქე მათგან მხოლოდ ორს აღენიშნა გუშინ საღამოს ცხელება, შესაბამისად, გამოკვლევები უტარდებათ ამ პაციენტებს, რაც გულისხმობს რენტგენელოგიურ კვლევას. სისხლის ანალიზები განმეორდა და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ ორ ადამიანს, დანარჩენების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია თუ არ ჩავთვლით ქრონიკული დაავადებების გამო წარმოშობილ ჩივილებს. მივმართავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ თუ ჩათვლიან საჭიროდ, ამ ორ შემთხვევაში განმეორებითი ანალიზი გაკეთდეს“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.
კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, 70 ადამიანთან იყვნენ კონტაქტში. ტიკარაძის განცხადებით, ისინი უკვე მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ამ საკითხზე დღეს განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმაც. ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შემთხვევების მატება მოსალოდნელია, თუმცა ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„გვექნება შემთხვევების მატება. მთავარია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება და რაც შეიძლება მალე დავსვათ დიაგნოზი. რამდენჯერმე დავაყენეთ საკითხი და ჩართული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ საკითხში, რათა ერთობლივად საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა უფრო მკაცრად გააკონტროლონ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ქცევა. არ არის მიზანშეწოლილი, თუ ისინი გადიან და კონტაქტები აქვთ, ეს წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დღეის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 12 შემთხვევა ფიქსირდება.