„ამ ცხოვრების დედაც" - წარწერა, რომლის გამოც 15 წლის მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, მოძრაობა „სირცხვილიასა" და „შეცვალეს" აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობასთან დატოვეს. ამ გზით მათ ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტი და მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა გააპროტესტეს. სამოქალაქო საზოგადოებამ ავტომობილის სავალ ნაწილზე წარწერები დაწერეს, შემდეგ კი, შსს-ს შენობის წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
"ძალიან მძმე მოვლენის წინაშე ვართ და ესაა ჩვენი ბოდიში, 15 წლის ლუკას რომ ვერ დავიცავით. ესაა ჩვენი სამძიმარი ოჯახს და პროტესტი სისტემის მიმართ, რომელიც კლავს და არ დასრულდა",-აღნიშნავს გიგა მაქარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს შენობასთან მიმდინარე პროტესტის დროს მცირე ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცველები აქტივისტებს გზაზე გადასვლისა და წარწერების გაკეთების უფლებას არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ორგანიზატორები აქციას დღესაც აანონსებენ. ისინი შსს-სთან 07:00 საათზე შეიკრიბებიან.
"ტრაგედიიდან ტრაგედიამდე გადაცდომად აფორმებენ ხოლმე დანაშაულებს. სისტემის მექანიკაა თვითონ ასეთი, რომ 14-შ რომ დიდი ზეიმი მოეწყო, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას რომ ვზეიმობდით, ერთ-ერთ პრიორიტეტად იცით რა აქვს ჩვენს სახელმწიფოს განსაზღვრული ევროსაბჭოს მიმართ?! ესაა მოზარდთა მართლმსაჯულება და ეს ტრაგედიაც იმავე დღეს მოხდა, რასაც ზეიმისთვის ხელი არ შეუშლია",-აღნიშნავს შოთა დიღმელაშვილი.