ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 11 აგვისტოს უნდა იცოდეთ
ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქართველოს პროკურატურამ მომხდარზე 37 წლის მამაკაცს ბრალი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს ძალადობა.
დაპირისპირება ახალქალაქში - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. გამოცემა jnews-ის ინფორმაციით, შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. Jnews-ის ცნობით, ახალგაზრდების ჯგუფი სასტუმროს მინებს ამსხვრევდა, რის შემდეგაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, გარდაცვლილია 27 წლის ბიჭი. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ ბალაბანიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რითიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაცვას შეძლებს.
ეპიდსიტუაცია სვანეთში
აქვთ თუ არა კორონავირუსი მესტიაში ბოლოს დაინფიცირებული 17 პირის კონტაქტებს ჯერჯერობით უცნობია, ყველა მათგანს ტესტი უკვე ჩაუტარდა. ადგილზე მომუშავე ეპიდემიოლოგების ცნობით ვირუსზე ტესტირებებს ეტაპობრივად განაგრძობენ. შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გუშინ მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინე შეზღუდვები და რეგულაციები გამკაცრდა. გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდსიტუაციის გამწვავების გამო მიიღეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მათ ვინც სვანეთში იმყოფება და მესტიის საკარანტინე სივრცეში გადაყვანა სჭირდება, ხარჯებს სახელმწიფო დაუფარავს, თუმცა თვითიზოლაციაში დარჩენის მსურველებს ხარჯების გადახდა თავად მოუწევთ. გამყრელიძე ამბობს იმასაც, რომ აგვისტოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება მოსალოდენელი იყო, მიზეზად კი შეზღუდვების მოხსნასა და საზღვრების გარკვეული ნაწილის გახსნას ასახელებს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი - ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს რომ მისი Facebook-ის გატეხვას ცდილობენ. ამის შესახებ მან „გიორგი თარგამიძის ფორმულაში" ისაუბრა. ლობჟანიძემ გადაცემაში ფაქტის ამსახველი ფოტოებიც წარადგინა. მისი თქმით, 23 ივლისს ის თამარის Instagram-ის მეგობრებიდან წაშალეს.
ლობჟანიძს თქმით, ეს საქმეში ბევრ ეჭვს ბადებს, რადგან ბაჩალიაშვილის Instagram-ზე მის გარეშე შესვლა ვერ მოხერხდებოდა.
მეწყერი მესტიაში
მესტიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ძლიერი წვიმის შედეგად შავღელეს მონაკვეთზე, სოფელ ეცერსა და ბეჩოს შორის ფერდი ჩამოიშალა, რამაც მოძრაობა შეზღუდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოძრაობა პარალიზებული რამდენიმე საათის მანძილზე იყო. ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგაბე ნიკა ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის აქამდე ძალადობაში მონაწილეობას უარყოფდა, ჟვანია ტრაგედიის ღამეს მცხეთაში ხელკეტით იმყოფებოდა.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე, ნიკა ჟვანია, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
▪️ ნიკა ჟვანია დაპირისპირების ღამეს მცხეთაში ხელკეტით იმყოფებოდა. იგი აქამდე ძალადობაში მონაწილეობას უარყოფდა. ▪️ როგორც ადვოკატმა განმარტა, დაკავებულმა ბრალ...
უფლებადამცველის ტარიელ მურმანიშვილის განმარტებით, ბრალდებული აღიარებს, რომ მან ხელკეტი მცხეთაში მომხდარ დაპირისპირების დრო ჩხუბის მონაწილეს დაარტყა. ჟვანია საქმის გადაკვალიფიცირებასაც მოითხოვს.
სროლა თეთრ სახლთან
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან მიმდინარე ბრიფინგი დროებით შეწყვიტა. მიზეზი თეთრ სახლთან ახლოს სროლის ხმა გახდა, რის გამოც საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტს ჟურნალისტებთან კომუნიკაცია გააწყვეტინა და ოთახიდან გაიყვანა. რამდენიმე წუთით ჩაკეტეს ის სივრცე, სადაც პრესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განმარტა, საიდუმლო სამსახურმა უცნობ პირს ესროლა და დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე სხვა დეტალები უცნობია.
ლიბანის მთავრობა გადადგა
გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა მიიღო. მიზეზი ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქება გახდა, რასაც ორასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პორტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას მოქალაქეები ხელისუფლებას აკისრებენ. ქვეყნის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები სამართალდამცველებთან დაპირისპირების ფონზე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ბეირუთის პორტში 2000 ტონაზე მეტი ამონიუმის ნიტრატი 4 აგვისტოს აფეთქდა.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1216 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 996 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 282 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7166 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 20.2 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 13.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 738 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.