ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 11 სექტემბერს უნდა იცოდეთ
ვინ არიან „ოცნების” ხუთეულში
ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის ხუთეულში გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე მოხვდნენ. პარტიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია დაასახელა, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად კი საკანონმდებლო ორგანოს ასევე მოქმედი ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე.
მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე და რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი, დავით კაჭარავაც მოხვდნენ. საარჩევნო სიის პირველ ოცეულში 5 ქალიც მოხვდა, სწორედ იმდენი, რამდენსაც საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტირების შესახებ არსებული მექანიზმი ითვალისწინებს.
თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეოჩანაწერები
ბაჩალიაშვილის საქმეზე გვიან ღამემდე იმყოფებოდა პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი. ქობესაშვილმა უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს ბაჩალიაშვილის იუთუბ ვიდეოდღიურები, რომელშიც გარდაცვლილი ამბობს, რომ თავს მოიკლავდა, მშობლები რომ არ ეცოდებოდეს.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, 23 წლის პროგრამისტი მუშაობდა საკუთარ თავზე, რომ კარიერაში უფრო მეტისთვის მიეღწია. ადვოკატი ვიდეოებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ ამ მასალებით აპელირება ხდება, თითქოს ეს შეიძლება ყოფილიყო თვითმკვლელობისკენ მიმართული ქმედებები.
შაქარაშვილის საქმის სასამართლო პროცესი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი განახლდება. სასამართლოზე პროკურატურა მოწმეებს გამოიძახებს.
როგორც ბრალდებული ნ.ქ-ს ადვოკატი აცხადებს, მისი ინფორმაციით დღეს შესაძლოა გური ამირხანაშვილი დაიკითხოს. ადვოკატები ამბობენ, რომ ჯერჯერობით პროკურატურის მხრიდან ვერც ერთი მოწმე მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას ვერ ადასტურებს.
კორონაკარავი ქუთაისში
ქუთაისში, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, გვიან ღამით ქალაქის ცენტრალურ ბაღში კარავი განთავსდა. კარავში დღეიდან მოქალაქეებს უფასო პისიარ ტესტები ჩაუტარდებათ.
გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, სარესტორნო ქსელ „ვენდისის" თანამშრომელსა და ქალაქის მერიის ერთ-ერთ აიპში დასაქმებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ამგვარ სცენარს ელოდებოდნენ.
კორონავირუსი დაცვის პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა. დაინფიცირებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შენობას იცავდა.
.შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ინფიცირებულს სააგენტოს თანამშრომლებსა და მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია. ჯერჯერობით წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.
9/11
11 სექტემბრის ტრაგედიიდან 19 წელი გავიდა. ტერაქტმა, რომელმაც 3 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტრაგიკულ მოვლენად რჩება. ზუსტად 19 წლის წინ, ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას 19 წევრმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.
პირველი თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობას დილის 8 საათსა და 46 წთ-ზე შეეჯახა. რამდენიმე წუთში კი, მეორე სამგზავრო თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობას შეეჯახა. ერთ-ერთი გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დაეჯახა. ხოლო მეოთხე - შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. დაღუპულებს შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო.
ლიეტუვას გადაწყვეტილება
ლიეტუვას პარლამენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის არჩეულ ლიდერად აღიარა. საკანონმდებლო ორგანომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად, ბელარუსის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად დაასახელა. სეიმმა ასევე მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას მხარი დაუჭირონ მათ, ახალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1830 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1334 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 390 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5882 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 28.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 20.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 913 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60.7 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.