logo
ENG



ამბები, რომლებიც 18 ივნისს არ უნდა გამოგრჩეს

18 ივნ 202009:15
3 წუთის საკითხავი
 
hzf11p1y1cse883.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 18 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს. 

 

სპეცოპერაცია თბილისში

თბილისში მოსკოვის გამზირზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი და ჩხრეკას ატარებდნენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს მომხდარის კავშირს, რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, დაკავების საქმესთან. 

 

გაბუნია და გვარამია სუს-ში დაიბარეს

გიორგი გაბუნია სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული, თუმცა ის უწყებაში მისვლას არ აპირებს და მოითხოვს, რომ პროცესს მაგისტრი მოსამართლეც დაესწროს. შესაბამისი უწყება გაბუნიას გუშინ საღამოს ჩაბარდა. „მთავარი არხის" ჟურნალისტს საქმის ეფექტურად გამოძიების იმედს პროცესში უკრაინული მხარის ჩართულობა აძლევს. 

გამოკითხვაზე მისვლას არ გეგმავს არც მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ასევე მაგისტრი მოსამართლის დასწრებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს სუს-მა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავება დაადასტურა. 

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობას საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, სუს-მა თავად ჟურნალისტის ინფორმირება უნდა მოახდინოს, თუ რა იციან მისი სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ და კვლავ ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე.

 

შეშფოთება საერთაშორისო პარტნიორებისგან

საერთაშორისო პარტნიორები გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ მისი საპატიმროში ყოფნის გამო. განცხადებას სოციალურ ქსელ ტვიტერში დონალდ ტუსკი ავრცელებს. ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი წერს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ რვა მარტის შეთანხმებას, როგორც პოლარიზაციის შემცირების შესაძლებლობას, თუმცა შეშფოთებას გამოხატავს რურუას ამ დრომდე ციხეში ყოფნის გამო და ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ქართულ ოცნებას" ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს შეერთებული შტატების მდივნის ყოფილი მოადგილე. მაიკლ კარპენტერი ასევე სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ ხელისუფლებამ კომპრომისზე წასვლის სურვილი გამოავლინა და მან ოპოზიციის ლიდერი უნდა გაათავისუფლოს. 

 

რურუას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. რურუას ადვოკატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, მოწმეები ადასტურებენ, რომ რურუას აქციაზე იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. უფლებადამვველი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური პატიმარია და საბოლოოდ მისი უდანაშაულობა დამტკიცდება.

 

თბილისში 52 წლის კაცი რკინიგზის ლიანდაგზე ჩაცხრილეს

გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა ნათესავებს შორის მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი. მომხდარში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, მათგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

ტიკარაძის წლიური ანგარიში

ჯანდაცვის მინისტრი დღეს წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. სფეროს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეკატერინე ტიკარაძის ერთწლიანი მუშაობა არაფექტური იყო და ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემები ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა. სერგო ჩიხლაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროსგან სამომავლო გეგმები ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ვატო სურგულაძე კი, მიიჩნევს, რომ მედპერსონალის დაინფიცირების რიცხვი COVID-19-ის დროს საგანგაშოა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არასათანადო გადამზადებითაა გამოწვეული. 

 

განახლებული ბიუჯეტის განხილვა დასრულდა

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე შემაჯამებელი განხილვის შემდეგ, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი, შენიშვნებთან ერთად, ახლა მთავრობას გადაეცემა. მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო ანტიკრიზისული ბიუჯეტის რედაქტირებულ ვერსიას საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა წარადგენს, პარლამენტი მას საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დაამტკიცებს. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ მთავრობამ დაპირება, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით გასცა, არ შეასრულა. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

888 ინფიცირებული, მათგან 731 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 267 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2710 პირი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8.4 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი 4.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 451 ათასს აღემატება. ამ დროისთვის 54 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

ეპიდვითარება ყოველდღიურად უარესდება ბრაზილიაში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსი 31 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. COVID-19 აქ ჯამში 960 ათასამდე ადამიანს უდასტურდება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 47 ათასს აღწევს, მათგან ბოლო 24 საათში 1209 ადამიანი დაიღუპა.

 

ჯონ ბოლტონის ჯერ არ გამოსული მემუარები 

„დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაში დახმარება სთხოვა.“ ამ და სხვა მამხილებელ ბრალდებებზეა საუბარი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ახალ წიგნში.

 „ოთახი, სადაც ეს მოხდა: თეთრი სახლის მემუარები" - ასე ჰქვია ჯონ ბოლტონის მემუარებს, სადაც ყოფილი მაღალჩინოსანი ტრამპის არაინფორმირებულობასა და თეთრი სახლის მართვის არცოდნაზე წერს. თეთრი სახლი ჯონ ბოლტონის მემუარების დაბლოკვას ცდილობს. ტრამპის ადმინისტრაციამ ამ მიზნით სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და თქვა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია. 577 გვერდიანი სკანდალური მემუარების გამოჩენა დახლებზე 23 ივნისს არის დაგეგმილი.

 

„ემის“ დაჯილდოება 20 სექტემბერს გაიმართება

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ABC-ის ეთერში გადაიცემა, ნომინანტთა სია კი 28 ივლისს გახდება ცნობილი. ამერიკული მედიის ცნობით, „ემის“ 72-ე ცერემონიას კომიკოსი ჯიმი კიმელი გაუძღვება. ის ამ როლს უკვე მესამედ მოირგებს. შოუს ფორმატის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შესაძლოა მისი ნაწილი ონლაინ-ფორმატშიც ჩატარდეს.


close დახურვა