logo
ENG



ამბები, რომლებიც 25 აგვისტოს არ უნდა გამოტოვო

25 აგვ 202009:16
3 წუთის საკითხავი
clock 2367
xiribk31dhc87ut.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 25 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა 

დღეს საქართველოში გლოვის დღეა. შატილის გზაზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და სამინისტროების შენობებზე. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ მიიღო. 

ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართა. შატილში დაღუპულთა სოლიდარობისთვის მოქალაქეები „თეთრ ხიდზე" შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა სანთლებით სიმბოლურად 17 დაწერეს და ამგვარად დაღუპულთა ოჯახებს თანადგომა გამოუცხადეს.

მდუმარე აქცია გაიმართება დღეს თბილისშიც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან და შატილის გზაზე გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. 

 

ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაზარალებულმა მანქანის დაჯახების მიუხედავად, ადგომა სცადა, თუმცა დიდი სისწრაფით მომავალმა კიდევ სამმა მანქანამ გადაუარა. 

სოფელ ნიგოზასთან ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა. იდენტიფიცირებული არიან სხვა მძღოლებიც. ცხედარი სამართალდამცველებმა გორის პროზექტურაში გადაასვენეს. გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

 

მიწისძვრა საქართველოში 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ყვარელთან, სოფელ ახალსოფლიდან 2 კმ-ში დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც, 00:07 საათზე. 

 

შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის, ნიკა რევაზიშვილის ტელეფონიდან, მისი გადაადგილების ამსახველი რუკის წაშლაზე საუბრობს დაკავებულის ძმა. ვახო რევაზიშვილი აცხადებს, რომ ანგარიშის წაშლა ტელეფონიდან მაშინ მოხდა, როდესაც ბრალდებულთან საპატიმროში პროკურორი მივიდა და რევაზიშვილმა მას ტელეფონის პაროლი გადასცა. რევაზიშვილებს პასუხობს შაქარაშვილის ოჯახის წარმომადგენელი. მირიან ნიკოლაძის თქმით, ხიდს მხოლოდ მახარაძე კვეთს და რევაზიშვილის ვერსიას გამორიცხავს. 

დღეს საღამოს, 21:00 საათზე ვახო სანაიას პოლიტმეტრში სწორედ მირიან ნიკოლაძის ვრცელი და დეტალური ინტერვიუ შედგება. ფეხბურთელის მკვლელობიდან 2 თვეზე მეტი გავიდა - რა ვიცით და რაც არ ვიცით საქმეზე. 

 

რუსული ფული „პატრიოტებს”?

დაიწყებს თუ არა გამოძიებას სუსი რემლის მიერ საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსის დახმარების საკითხზე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორგანიზაცია „დოსიეს" გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. შესაბამის უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს ოპოზიციაც.

„დოსიეს" დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსს" დაუქირავეს და მიუჩინეს პოლიტტექნოლოგები, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში. ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, "პატრიოტთა ალიანსმა" მოსკოვში წინასაარჩევნო ბიუჯეტი გაგზავნა, რომელიც 8 მილიონ დოლარს აღემატება.

 

ბაჩალიაშვილის საქმე: ხელახალი დაკითხვები

დაიკითხებიან თუ არა ბაჩალიაშვილის საქმის ფიგურანტები ხელახლა. თამარ ბაჩალიაშვილის დედა საგამოძიებო ორგანოსგან იმ მწყემსის თავიდან დაკითხვას მოითხოვს, რომელმაც მისი შვილის მანქანა იპოვა. თეონა თამაზაშვილი უწყებისგან სამართალდამცველი ლადო ბაჭულაშვილის ხელახალ დაკითხვასაც ითხოვს. იგი არ გამორიცხავს, რომ გამოძიება ხელს მაღალჩინოსნებს აფარებდეს.

 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ტრამპი პრეზიდენტად?

შეერთებული შტატების რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ქალაქ შარლოტში გამართულ პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მაიკ პენსი წარადგინეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 336 დელეგატმა მიიღო. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა არჩევნებზე კენჭისყრისთვის ფოსტის გამოყენების მეთოდი, რასაც კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობას დემოკრატები სთავაზობენ. მან ოპონენტები არჩევნების მოპარვის მცდელობაში დაადანაშაულა. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპს, დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1421 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1137 გამოჯანმრთელებული და 18 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 255 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7005 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 23.8 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 16 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 817 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 


close დახურვა