logo
ENG



ამბები, რომლებიც 19 ნოემბერს უნდა იცოდე

19 ნოე 202008:52
3 წუთის საკითხავი
clock 2064
2020/11/19/q5s6ryzzhf4ofo5.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 19 ნოემბერს უნდა იცოდეთ

 

მაიკ პომპეოს ვიზიტის მოლოდინები 

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის გადარჩენა" - ასე აფასებს ოპოზიციური სპექტრი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტს. მათი თქმით, ვიზიტის შედეგები მმართველი გუნდის შემხვედრ წინადადებებში უნდა აისახოს, რადგან ოპოზიციას დასათმობი არაფერი აქვს. გამოსავლისა და კომპრომისის მოძებნა კი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა.

 

„ქართული ოცნების" მოლოდინები 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციისგან განსხვავებული შეფასება აქვთ ქართულ ოცნებაში. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პომპეოს მხრიდან პირდაპირი გზავნილი, რომ არჩევნები გაყალბდა - არ გაკეთებულა.

ოცნებაში იმედი აქვთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ეუთოსა და ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ოპოზიცია დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ არ წავა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

 

ოპოზიციის უცვლელი გეგმები 

ოპოზიციონერი ლიდერები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას კვლავ მოითხოვენ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ბოიკოტის რეჟიმი და აქციები გაგრძელდება, რადგან ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლას ქართული ოცნების რიგებში გაწევრიანებას ადარებენ.

 

ოთხი პარტია ბლოკის შექმნაზე ფიქრობს

ოთხი პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო", „გირჩი", „ლელო" და „სტრატეგია აღმაშენებელი" ბლოკის შექმნის იდეაზე ფიქრობს.


ეს განცხადება ლიდერებმა პირველად „გიორგი თარგამაძის ფორმულაში" გააჟღერეს. გიგი უგულავას თქმით, მიმდინარეობს პარტიებს შორის საუბარი პოზიციების დაახლოებასა და სხვადასხვა საკითხებისადმი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ხელახალ არჩევნებამდე პარტიებმა ბლოკი შექმნან და სწორედ ამ ფორმით მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. 

 

ოპოზიციური პარტიების სარჩელი 

სააპელაციო სასამართლომ ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული სარჩელი არ დააკმაყოფილა. სარჩელი საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა. ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის თქმით, ცესკოსთვის სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ იყო ცნობილი.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის სარჩელიც. ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს. უფლებადამცველის განმარტებით, პარტია ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს. 

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე დანიშნა 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებად 36 პირი დანიშნა. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კლანი წინასწარ იყო  შეთანხმებული, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს. ჯანეზაშვილის თქმით, კლანი სასამართლო სისტემაში არსებობას კვლავ განაგრძობს, სასამართლო სისტემა კი ჩაკეტილია.

 

ზონალურ-საათობირივი პარკირება ვაკეშიც მოეწყო

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სიტემა ამოქმედდება. ზონალური პარკირებისთვის აღნიშნულ რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული. როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი აცხადებს, ეს პროექტი გაგრძელდება და მოიცავს ყველა იმ ქუჩას სადაც, მრავალი მანქანა მოძრაობს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია.

 


close დახურვა