logo
ENG



ამბები, რომლებიც 21 სექტემბერს არ უნდა გამოტოვო

21 სექ 202008:20
3 წუთის საკითხავი
clock 919
eyowfsv6yh9t23t.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 21 სექტემბერს უნდა იცოდეთ


გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 109-ე მუხლით ბრალდებული პირების წინა სასამართლო სხდომა დღეს 5 საათზე გაგრძელდება. ადვოკატ ვასილ მამულაშვილს მოლოდინი აქვს, რომ პროცესი გადაიდება, რადგან დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში საჩივარი აქვს შეტანილი, რომლის განხილვასაც 5 დღე სჭირდება. თუმცა, თუკი სასამართლო სხდომა გეგმის მიხედვით ჩატარდება, ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა გამოყენების შესაძლებლობას აუხსნის და გადაწყვეტილების მიცემის საშუალებას მისცემს.  


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა მე-20 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1534 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა. 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 31,2 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 22.8 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 965 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 200-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

უცხოელი ბიზნესმენების გამტაცებლები დააკავეს

თბილისში ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე ოთხ პირს ბრალი, შესაძლოა, დღეს წარუდგინონ. საინფორმაციო პორტალი RADIOWAY.GE ინფორმაციით, საქმეზე 4 პირი - პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმა, ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი დააკავეს.

ფორმულა ნიუსის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც ეთერში 22 აგვისტოს გავიდა, გამტაცებლები ბიზნესმენებს დაემუქრნენ, რომ პოლიციისთვის არ მიემართათ, რადგან მათ უწყებაში ახლობლები ჰყავდათ. გატაცების ფაქტზე საუბარი არც შინაგან საქმეთა სამინისტროში სურთ და არც თავად ტაჯიკეთის მოქალაქეებს. 

 

სასულიერო პირები საარჩევნო კამპანიაში

 მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების გამოჩენას ეხმაურებიან თეოლოგები. მათი განცხადებით, სასულიერო პირს ეკრძალება პოლიტიკურ საერო საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვა.

მათივე თქმით, საპატრიარქოს პოლიტიკურ შეკრებებში მონაწილეობა პირდაპირი მანიშნებელია იმის, თუ ვის უჭერენ მხარს წინა საარჩევნოდ. თეოლოგების შეფასებით, საპატრიარქოს მხრიდან კეთილგანწყობა ხდება არა როგორც თანამოქალაქეების, არამედ როგორც პოლიტიკური ლიდერების მიმართ . როგორც ფორმულა ნიუსთან თეოლოგები აცხადებენ ამ ვითარებიდან სარგებელს, როგორც საპატრიარქო, ასევე ხელისუფლებაც იღებს.

 

პროტესტი რეგულაციების წინააღმდეგ

 პარლამენტის წინ ივენთ მენეჯერები, გასართობი ცენტრებისა და კარაოკე ბარების წარმომადგენლები გამკაცრებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები, რადგან ამ რეგულაციების შემდეგ უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე. აქციის მონაწილეები ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრასაც ითხოვენ. 


მუთოშვილი პატიმრობაში რჩება  

პანკისის ხეობაში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი სახით 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა ათი ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა. დაკავებულის ადვოკატი ბაადურ გულიაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისივე განმარტებით, გამოძიების მიერ ამოღებული იარაღიდან, რომელიც საქმეში ფიგურირებს, გასროლა არ მომხდარა.

 

 პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი, 19 სექტემბერს დააკავეს. მას გამოძიება 2 ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავება. მომდევნო სასამართლო სხდომა 10 ნოემბერსაა ჩანიშნული.  

 

თბილისის მეტრო ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს კვლავ ჩვეული რეჟიმით, დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა.რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 სავინტელაციო სისტემა . პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მლნ. დოლარი იყო გამოყოფილი. 


ხანძარი თბილისში 

გვიან ღამით დიღმის მასივში მდებარე კორპუსის სარდაფში ელექტრო სადენებს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო და 1 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული. მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსიდან ხალხის ევაკუაცია მოასწრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


close დახურვა