ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 26 აგვისტოს უნდა იცოდეთ
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში
ორხევის დასახლებაში 39 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მეზობლის ინფორმაციით, ორივე პიროვნება ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევამდე მათ შორის კონფლიქტი მოხდა. დაჭრილის ახლობლის თქმით, პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია. პაციენტი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
.თბილისში, ორხევის დასახლებაში კაცი დაჭრეს
სროლა ოზურგეთში
სოფელ ლიხაურში ბიძაშვილმა საკუთარი ბიძაშვილი სანადირო თოფით დაჭრა. 73 წლის კაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ოზურგეთის კლინიკაში გაუწიეს, ექიმების ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეზობლების ინფორმაციით, ბიძაშვილებს კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდათ.
გლდანში ახლადრეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩაინგრა
გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩავარდა. შემთხვევა ღამით მოხდა და მსხვერპლი არ მოყოლია. შემთხვევა სწორედ იმ ადგილას მოხდა, სადაც „ქართული ოცნების” მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი ლევან კობიაშვილის საარჩევნო ბანერი მდებარეობს.
.გლდანში ახლადრეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩაინგრა
ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2019 წლის 1-ლ მაისს დაიწყო და ამავე წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის თვეების დაგვიანებით დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.
შაქარაშვილის საქმე
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარე კვლავ მოწმეებს წარადგენს. სასამართლო სხდომას დღეს არასრულწლოვანი ზ.ხ და მისი უფლებადამცველი არ დაესწრებიან. სხვა ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან, რადგან მათი თქმით, საქმეში კონკრეტული ფაქტები არ არსებობს, რომლითაც ბრალდებულებს გაამტყუნებენ. საპირისპიროს ფიქრობს გარდაცვლილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე და აცხადებს, რომ ოჯახს საგამოძიებო უწყების მიერ წაყენებული ბრალის დამტკიცების სჯერა.
ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით სარჩელი მზადდება. უწყებაში განცხადებას გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები დღეს შეიტანენ. უფლებადამცველი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ბრეგვაძე უკვე თვეებია გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევს, რაც კანონის გათვალისწინებით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა დაისაჯოს.
გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის საქმე
სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე მოზარდის მამას ბრალდება წარედგინა. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 11 წლის მოზარდი 23 აგვისტოს გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან მამის მხრიდან ძალადობას ვერ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო.
ნათესავები ყვებოდნენ, რომ მამას შვილი ბოლო 2 დღე სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, მომხდარ ძალადობაზე რომ არ ესაუბრა. თუმცა, ოჯახის წევრები და ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა შვილი მამას ფიზიკური ძალადობის დროს შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინა. გარდაცვლილი მოზარდის დედა ბოლო 10 წელი საბერძნეთში იმყოფებოდა, ბავშვი კი ბებიასთან და მამასთან იზრდებოდა.
ბაჩალიაშვილის საქმე: დეა კაპანაძე პროკურატურაში
თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში მშობლები და ოჯახის უფლებადამცველი რამდენიმე საათის განმავლობაში საქმეში არსებულ ახალ ჩვენებებს ეცნობოდნენ. პროკურატურაში იმყოფებოდა გარდაცვლილის მეგობარი დეა კაპანაძეც, რომელმაც გამოძიებას ახალი ჩვენება მისცა. თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ეჭვობს, რომ კაპანაძემ თამარის სახლიდან გამტყუებლის ვინაობა იცის.
თამაზაშვილისთვის ეჭვის საფუძველი ის გახდა, რომ კაპანაძემ ოჯახთან კომუნიკაცია ტრაგედიის შემდეგ შეწყვიტა. ბაჩალიაშვილის დედა ასევე ამბობს, რომ პროკურატურასთან კითხვები ავტომობილებთან დაკავშირებითაც ჰქონდა. ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი კი აცხადებს, რომ გამოძიებაში არსებული ახალი ჩვენებები წინა ჩვენებების გასამყარებლადაა და კონკრეტული სიახლე ჩვენებებში არ არის, თუმცა აცხადებს, რომ მოწმეები, რომლებიც დაკითხულები არიან, ვერტმფრენებსაც აფიქსირებდნენ, თუ როგორ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები ვერტმფრენის მონაწილეობით.
12 წელი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებიდან
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებებს ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები აფასებენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავარი კითხვა საქართველოს მთავრობის მისამართით უნდა დაისვას. თუმცა, მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის საკითხს, გადაწყვეტილების მიღების დონეზე არ აყენებს. პოლიტოლოგებისა და კონფლიქტოლოგების შეფასებით, რუსეთის მიმართ საქართველოს არგაღიზიანების პოლიტიკამ არ გაამართლა და ოკუპანტები ტერიტორიის მიტაცებას მცოცავი ოკუპაციის სახით დღესაც აგრძელებენ.
ვითარება ბელარუსში
ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. გვიან ღამემდე გაგრძელდა დემონსტრაცია მინსკის ცენტრში. ალექსანდრე ლუკაშენკოს წასვლის მოთხოვნით დამოუკიდებლობის მოედანზე ასობით ადმიანი შეიკრიბა. პროტესტს სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აქცია არასანქცირებული იყო. პარალელურად პედაგოგების აქცია ჩატარდა ბელარუსის განათლების სამინისტროს შენობასთან. მონაწილეები სასწავლო დაწესებულებებიდან პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ადგილზე ,,ომონი'' იყო მობილიზებული, თუმცა აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ გრძელდება.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1429 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1150 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 249 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6018 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 16.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 823 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.