ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 28 აგვისტოს უნდა იცოდეთ
ახალი გარემოებები ბაჩალიაშვილის საქმეში
ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საქმეში ახალი მწყემსები გაჩნდნენ. უფლებადამცველი ამბობს, რომ მწყემსები ცრუობენ და გამოძიებას ცრუ ჩვენებას აძლევენ. რამიშვილი ამბობს, რომ ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ მწყემსების საშუალებით საქმე ისე წაიყვანონ, თითქოს ტერიტორია, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს, საძოვრებად არ გამოიყენებოდა. მისი თქმით, მწყემსების ჩვენებების საწინააღმდეგო მან ექსპერიმენტით უკვე დაამტკიცა. საქმეში ახალი მწყემსების გაჩენასა და მათ ჩვენებებზე პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის ძმამაც.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან აქციებსაც აანონსებს. ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, ფორმულა ნიუსთან საუბრისას ამბობს, რომ საგამოძიებო პროცესები კიდევ უფრო ჭიანურდება. მისი თქმით, ავტომობილების შესახებ ინფორმაციის დროულად არ გავრცელება საქმის კიდევ უფრო გახანგრძლივებაზე მიუთითებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნასაც. ოჯახი მათთვის მიცემული პირობის შესრულებასა და საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს.
ავტოავარია ზუგდიდში
ზუგდიდი - წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ლიასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის წარმომადგენელმა განაცხადა, 7 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დიდი სისწრაფით მიმავალი მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულე ბავშვს ზუგდიდი - წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე გუშინ დაეჯახა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
გიორგი რურუას საქმე
გიორგი რურუას ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციოში გაასაჩივრებს. მთავარი არხის მეწილის უფლებადამცველი, დიტო საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა. საძაგლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილმა, განაჩენში შეფასების გარეშე დატოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ცეცხლსასროლ იარაღსა და რურუას შორის კავშირი არ დადასტურდა. ადვოკატი ფიქრობს, რომ სააპელაციო სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს, თუმცა ისინი ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ.
„მე ვბრუნდები” - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი უკრაინის მიტოვებას არ აპირებს და საქართველოსა და უკრაინაში ერთდროულად იბრძოლებს.
"ჩემთვის ჩვენი ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ჩემთვის ეს ერთი ბრძოლაა. და ეს იქნება ერთი საერთო გამარჯვება!“,- წერს სააკაშვილი. აქვე, ენმ-ში არ გამორიცხავენ, რომ მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყოს.
დღეს მარიამობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. დილიდან ყველა ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა. წირვას სიონის საკათედრო ტაძარში ერთ საათში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს.
ვითარება ბელარუსში
პროტესტის მე-19 დღე ბელარუსში კვლავ დაკავებებით დასრულდა. მინსკის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული. ომონმა 200-ზე მეტი აქტივისტი დააკავა. გვიან ღამით გაათავისუფლეს აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები. სამართალდამცველების განმარტებით დაკავების მიზეზი აკრედიტაციის არ ქონა იყო, თუმცა მედიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ქვეყანაში მუშაობის უფლება წესების დაცვით, ოფიციალურად აქვთ მიღებული.
პარალელურად განცხადება გაავრცელა ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ. ოპოზიციის ლიდერებმა ვლადიმირ პუტინის განცხადებას, ბელორუსში ძალოვანების სარეზერვო შენაერთების გაგზავნის შესახებ, მიუღებელი უწოდეს. ოპოზიციის განმარტებით, ბელარუსში მხოლოდ მშვიდობიანი აქციები ტარდება, რომლებსაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1447 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1190 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5943 პირი.
.ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 16.8 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 829 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.