logo
ENG



ამბები, რომლებიც 28 ოქტომბერს უნდა იცოდე

28 ოქტ 202008:54
3 წუთის საკითხავი
 
0nfyyc7xet0f2iy.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 28 ოქტომბერს უნდა იცოდეთ

 

ხმაური ცესკოს შენობასთან 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავებული აქციის მონაწილეები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სამი წარმომადგენელი პოლიციამ დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. 

ვითარება ცესკოსთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა დააპირეს. დაპირისპირების შედეგად ორი მათგანი დაშავდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები  რამდენიმე საათის განმავლობაში მოითხოვდნენ ცესკოს დავმჯდომარესთან - თამარ ჟვანიასთან - შეხვედრას. რადგან მიაჩნდათ, რომ კომისიამ ინფიცირებულებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების დიდ ნაწილს ხმის უფლება ჩამოართვა. ასეთ მოქალაქეებს გადასატანი ყუთის მოთხოვნისთვის დარეგისტრირება მხოლოდ გუშინ 6-ს საათამდე შეეძლოთ. 

 

ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანებაზე ლაპარაკობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იურიდიული დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა თქვა, რომ ვრცელდება დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია და ადგილის აქვს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის მცდელობას.   

მისივე თქმით, პოლიტიკურად დაინტერესებული ზოგიერთი მხარე ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას ცდილობს. 

 

ზეწოლა დირექტორებზე 

კიდევ ერთი გათავისუფლებული დირექტორის ხობში - მის აღდგენას სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრისგან ითხოვენ. მათ უკვე საჩივარიც შეიტანეს. კობა კვიკვინია პოზიციას 10 ოქტომბრამდე იკავებდა. მას შემდეგ კი რაც ვადა ამოეწურა, განაცხადი მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე შეიტანა, თუმცა არ დაუკმაყოფილეს. ყოფილი დირექტორი არ გამორიცხავს რომ მის გათავისუფლებას პოლიტიკური მიზეზები ჰქონდეს. 

 

ხმების მოგროვების სქემა 

ქართულ ოცნებას განათლების სისტემა არჩევნებში ხმების მოპოვებისთვის სჭირდება - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორებისა და მასწავლებლების ჩართვას მმართველი პარტიის  მიერ ხმების მოგროვებაში.

 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ეს ოცნების გამოცდილი მეთოდია და მოუწოდებენ მმართველ პარტიას, განათლების სისტემის სწორად გამოიყენოს. ფორმულა ნიუსმა ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია თბილისის 126 და 16 ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების მოგროვებასთან დაკავშირებით.

 

ლაგოდეხის მერის მუქარა მოქალაქეს

ლაგოდეხის მერის გინება მოქალაქის მისამართით - ქალაქის მცხოვრებმა „ფორმულას" სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გადასცა, სადაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს ესაუბრება. ჯონი მაჭარაშვილი მერს დახმარებას სთხოვს ბინის ქირის თაობაზე, რაზეც მერმა უპასუხა, რომ უკვე არაერთხელ დაეხმარა და მეტის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს არ აქვს. მის შემდეგ ჯონდო მდივნიშვილმა მაჭარაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

 

თავდასხმა ბოლნისში 

პარტიის - „სოციალური სამართლიანობისთვის" - თავმჯდომარე მაჟორიტარობის კანდიდატის ცემას, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. თავმჯდომარის თქმით, ნაბიგ ბაირამოვმა რამდენიმე დღის წინ, ტვ-24-ის ეთერში, კახა ოქრიაშვილი და მისი მხარდამჭერები წინასაარჩევნოდ მოსახლეობის შევიწროებაში დაადანაშაულა.

როგორც დაზარალებული ბაირამოვი ამბობს, შემთხვევის ადგილზე იყო კამერა რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

 

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები გენერალურ პროკურატურას დღეს წერილით მიმართავენ. გარდაცვლილის დედა მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. ბაჩალიაშილის დედა მოითხოვს რომ საქმე მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირდეს. ასევე მისი მოთხოვნაა საქმეში FBI ჩაერთოს.

 

პოლიციელის მიერ ნაცემი მოქალაქე

ზუგდიდში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ავტომანქანის შეკეთების თაობაზე ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს პოლიციელი კობა გუჯეჯიანი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. გელა სიჭინავა პროკურატურამ დაზარალებულად ცნო და დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

 


close დახურვა