logo
ENG



ამბები, რომლებიც 30 აგვისტოს არ უნდა გამოტოვო

30 აგვ 202010:15
3 წუთის საკითხავი
 
pdf9cyxa3w61vja.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 30 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

ბაჩალიაშვილის ოჯახის აქცია

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები 40 დღეზე მეტია გამოძიებისგან პასუხების მოლოდინში არიან, დღეიდან კი გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლები პროკურატურასთან აქციებს იწყებენ და მოსახლეობას თანადგომას სთხოვენ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევნის ტერირტორია, იქ სადაც ბაჩალიაშვილის კუთვნილი მანქანა და ცხედარი აღმოაჩინეს ამ დრომდე ლენტებით არის შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რა სამუშაოებს ასრულებენ სამართალდამცველები ტერიტორიაზე თითქმის 2 თვის განმავლობაში ამ დრომდე უცნობია.

ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომობილს რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდება. საქმეში სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ექსპერტებთან ერთად კომპანია ჰიუნდაის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. ოჯახის ინტერესების დამცველი პროკურატურისგან უშედეგოდ მოითხოვს, გასაჯაროვდეს ერთი კვირის ვიდეოჩანაწერები იმ სამი ავტომობილის გადაადგილებისა, რომლებიც ოჯახისა და ინტერესების დამცველის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბაჩალიაშვილის მანქანას უკან მიჰყვებოდა.

 

გარდაცვალება მარჯანიშვილზე

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის ერთ-ერთ კვების ობიექტზე ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამი მოხდა. გარდაცვლილი ობიექტის თანამშრომელი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

 

11 წლის მოზარდის საქმე

საპატრიარქო თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისთვის წესის აგებას დასაშვებად მიიჩნევს. ეკლესიამ სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა და გადაწყვეტილება დაღუპულის ასაკითა და საქმის ირგვლივ შექმნილი გარემოებებით ახსნა. 

საპატრიარქო გარდაცვლილ ბავშვზე: ასაკიდან გამომდინარე, წესის აგება უნდა იყოს ნებადართული

.

„მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი მისი ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული,” - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 29 აგვისტოს თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებიამ საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, რომ მის შვილიშვილს წესი აუგონ. ახალგაზრდა 23 აგვისტოს თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიებამ მოზარდის მამა თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავა, თუმცა სოფელში არსებობს ვერსიაც, რომ ბრალდებულს ბავშვი თავად შემოაკვდა, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.

 

„პატრიოტების“ ბანერი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი მათ საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. პარტიის ლიდერის თქმით, ბანერი პოლიტსაბჭოზე განსხვავებული სახით იყო შერჩეული, და ბილბორდებზე სხვა სახით აღმოჩნდა. როგორც ინაშვილი აცხადებს, საარჩევნო ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ წარწერით „sos“. 

„პატრიოტების” საარჩევნო ბანერი მას შემდეგ გახდა საზოგადოების აღშფოთების მიზეზი, რაც „ალანსმა” მასზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეულმა პარტიამ ზედ შემდეგი მოწოდებც დაიტანა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!”.

ინაშვილის განცხადებას წინ უძღოდა ბათუმის მერიის მიერ ბანერების ჩამოხსნა და ფაქტთან დაკავშირებით სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა. იქამდე კი გონიოში ლელოს წევრებმა თავად ჩამოხსნეს პატრიოტთა ალიანსის 1 ანალოგიური ბანერი. 

 

ავსტრალიის ერთ-ერთ კუნძულზე მეთვალყურის ვაკანსიაა

მეთვალყურეს კუნძულ ლოუ-აილზე ეძებენ, რომელიც ავსტრალიის შტატ ქუინსლენდიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. მეთვალყურის მოვალეობა კუნძულზე ცხოვრება, შენობებისა და ინფრასტრუქტურის მოვლა, ტუროპერატორებთან ურთიერობა, დალაგება და ტერიტორიის კეთილმოწყობა იქნება. 

„კუნძულის მეთვალყურეები სამოთხეში ცხოვრობენ. ტროპიკულ კუნძულზე, რომელიც დიდი ბარიერული რიფითაა გარშემორტყმული, წესრიგის დაცვა იოლი არ გახლავთ“, – განაცხადა რიფების დაცვის სამმართველოს დირექტორის მოადგილემ.

ვაკანსიაზე განაცხადების წარდგენა 25 სექტემბრამდეა შესაძლებელი.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1462 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1196 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5943 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24.9 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 17.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 841 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა