ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 4 ნოემბერს უნდა იცოდეთ
პროტესტი ბათუმში
ხმაური იყო ოპოზიციის აქციაზე ბათუმში. აჭარის მთავრობის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ და იმ ადამიანებმა ვინც ფიქრობს რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა ქალაქში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ცეცხლის დანთების მიზნით ტერიტორიაზე კასრების დადგმა სურდათ, პოლიციამ უფლება არ მისცათ.
ოპოზიციის წამომადგენლების განმარტებით, არჩევნების ხელმეორედ ჩატარებამდე ისინი აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ. ოპოზიცია და პარტიების მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, აქციები პერმანენტული იქნება.
დაკარგული ოპოზიციური ხმა
სამგორის საოლქო კომისიის სხდომაზე ბიულეტენების ხელახალი დათვლისას გაირკვა, რომ 147 ოპოზიციური ხმა შემთხვევით გამოუყენებელ ბიულეტენებს გადააყოლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპული საქართველო"-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი ავრცელებს. გოგორიშვილის თქმით ასეთი შემთხვევები ათასობით უბანზეა. „ევროპული საქართველოს" გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს რომ მომხდართან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.
გაუქმებული შედეგები
ღამე ჩატარებული საოლქო სხდომები და გაბათილებული შედეგები - რატომ მართავს ცესკო საოლქო სხდომებს გვიან ღამე, როდესაც სხდომებს დამკვირვებელი ორგანიზაციები და მედია არ ესწრება. ღამე ბათილად ცნეს მაჟორიტარული ოქმი, მცხეთის N27 ოლქში 11-ე, 27-ე და 46-ე უბნებზე. ჯამში 641 ხმა გაუქმდა, მათგან 594 ქართული ოცნების კანდიდატს ეკუთვნოდა.
შესაბამისად, მცხეთის საარჩევნო ოლქში შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა. მისი განმარტებით, ბიულეტენები არასწორად იყო გადაცემული, რადგან რეგისტრაციის მიხედვით, სპეციალურ სიაში მყოფ ამომრჩევლებს არ ეკუთვნოდათ და ამან გააბათილა შედეგი.
შესწორებული ოქმები
ცესკო საიტზე დადებულ დარღვეულ ოქმებს შლის და ახლით ანაცვლებს. ორიგინალი დოკუმენტები კი ვებგვერდიდან იშლება. ეს საკითხი იწვევს ეჭვს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში". როდესაც ორგანიზაციამ 99-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, მიღებულ ხმებსა და გაბათილებულ ხმებს შორის სხვაობა აღმოაჩინა, შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება დააპირა.
თუმცა სანამ არასამთავრობო ორგანიზაცია ოქმის გასაჩივრებას მოასწრებდა, ცესკომ ვებგვერდზე შესწორება ატვირთა. არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭქვეშ აყენებს ოქმსა და შესწორების ფურცელზე ხელმოწერების იდენტურობასაც.
ასობით საჩივარი და მესამე სექტორის დავა
ასობით საჩივარი და მესამე სექტორის დავა - არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპარლამენტო არჩევნებზე გამოკვეთილი დარღვევები საოლქო უბნებზე უკვე გაასაჩივრეს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ საოლქო უბნებზე მათი საჩივარი უარყოფილი იქნება, მესამე სექტორის წარმომადგენლები დავას სასამართლოში გააგრძელებენ.
კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
მარტვილში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა. იქამდე სანამ ქალს კლინიკაში მოათავსებდნენ, მას პისიარ ტესტი გაუკეთეს. პასუხის მოლოდინში პაციენტი დილამდე გარდაიცვალა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ გარდაცვლილს ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა, ოჯახმა კი მისი ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქრონიკული დაავადებებიდან გამომდინარე, თავი შეუძლოდ იგრძნო.
იმისათვის, რომ კლინიკაში გადაეყვანათ, სწრაფი ტესტი გაუკეთეს, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღეს. განმეორებით ჩატარებული ტესტის პასუხამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ახალი შეზღუდვები ქვეყანაში
დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. ჯარიმა 20 ლარი იქნება. მოქალაქეს, რომელიც ღია სივრცეში მარტო გადაადგილდება და მის გარშემო არავინაა, უპირბადობისთვის არ დააჯარიმებენ, თუმცა სხვა შემთხვევაში, პირბადის ტარება აუცილებელია. ასევე დღეიდან საქართველოს დიდი ქალაქების სკოლებში სწავლა 4-დან 25 ნოემბრამდე დისტანციურად გაგრძელდება.
რაც შეეხება რესტორნებს, ისინი ქვეყნის მასშტაბით მუშაობას 22 საათამდე შეძლებენ. ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახლა ამ შეზღუდვებს არ მივიღებდით, მმართველ პარტიას თავის დროზე სწორი რეგულაციები რომ დაეწესებინა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ვითარება შესაძლოა პოლიტიკურად გამოიყენოს და პროტესტის ჩასახშობად ლოქდაუნი გამოაცხადოს.
სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიაზე
ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, დადასტურდა რომ აქამდე დაწესებული შეზღუდვები უკანონო და ანტიკონსტიტუციური იყო. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 70 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
მელია დღეიდან აღარ არის ვალდებული ატაროს შემზღუდავი სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა, მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
ვენაში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ'' აიღო. ინფორმაციას ტერორისტულ ორგანიზაციასთან ასოცირებული სააგენტო ავრცელებს და ავსტრიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმის შემსრულებლად, აბუ დანგა ალ-ოლბანი-ს ასახელებს. როიტერსის ინფორმაციით, სააგენტო ასევე ვიდეო ავრცელებს მიმართვას , სადაც მამაკაცი არაბულ ენაზე საუბრობს.
პარალელურად ცნობილი ხდება რომ ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულია შვეიცარიის 2 მოქალაქე. ახალგაზრდა მამაკაცები სამართალდამცველებმა ციურიხის მახლობლად აიყვანეს. თავდასხმა ვენის ცენტრში 2 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. ბოლო მონაცემებით გარდაიცვალა ოთხი, ხოლო დაშავდა 22 ადამიანი. ავსტრიელმა სამართალდამცველებმა 14 ადამიანი უკვე დააკავეს.