ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 5 აგვისტოს უნდა იცოდეთ
შაქარაშვილის საქმის სასამართლო პროცესი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, იმსჯელებენ იმაზეც, გადაეცემა თუ არა არასრულწლოვნების საქმე არსებით განხილვას. უფლებადამცველების მოლოდინით, მოსამართლე ბრალდებულების ადვოკატების მოთხოვნას გაითვალისწინებს და დაუშვებლად სცნობს ამირხანაშვილისა და ახვლედიანის მხრიდან წარმოდგენილ ოქმებს. როგორც ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები ამბობენ, დაკავებულების მიმართ არ არსებობს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც საჭირო გახდება, საქმის არსებით განხილვის ეტაპზე გადასვლა.
შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტებთან ერთად დამატებითი ავტომობილებიც იკვეთება. რატომ ჩნდება საქმის მასალებში თვე ნახევრის შემდეგ ახალი ავტომობილები უცნობია. ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით საგამოძიებო უწყება ან არ ან ვერ მუშაობს , რადგან თვე ნახევრის შემდეგ მანქანების დალუქვა დაგვიანებულია.უფლებადამცველების თქმით აუცილებელია დადგინდეს ყველა მანქანის საქმესთან შემხებლობა რომლებიც მაგისტრალზე ტრაგედიის ღამეს გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა ადვოკატები იხსენებენ იმ ფაქტსაც,ომ საგამოძიებო უწყებამ თბილისის მერიას სათვალთვალო კამერების ამოღებასთან დაკავშირებით დაგვიანებით მიმართა.
უცხო პირი ბაჩალიაშვილის პანაშვიდზე
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მის სახლში უცხო პირი იმყოფებოდა. როგორც ბაჩალიაშვილის დედა გადაცემა „პოლიტმეტრში" ამბობს, ეს კონკრეტული პირი, გარდაცვლილის ნათესავებიდან არავის ეცნო.
გარდა ამისა ნათესავები საუბრობდნენ იმაზეც, რომ პირი, რომელიც მათ ვერ იცნეს, კარადაში რაღაცას ეძებდა. თეონა თამაზაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შესაძლოა ამ პირის ვიდეომასალა სხვადასხვა მედიის კადრებში არსებობდეს და ნათესავებმა მისი ამოცნობა შეძლონ.
გაასაჩივრებს, თუ არა ბუსა ჟვანიას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას
დღეს გახდება ცნობილი, გაასაჩივრებს, თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროცესზე დაცვის მხარე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ჟვანიას გათავისუფლების პირობას აყენებდა. ბრალდებულს პროკურატურა ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, რაც სასჯელის ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, დაჭრილი იყო თავად ბუსა ჟვანიაც, რომელმაც საავადმყოფოდან პირდაპირ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
აფეთქება ლიბანში
78 დაღუპული და 4000-ზე მეტი დაშავებული - ასეთია ბოლო მონაცემები ბეირუთში მომხდარი აფეთქების შესახებ. ლიბანის ხელისუფლებამ დედაქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. გამოცხადდა ორკვირიან საგანგებო მდგომარეობა.
ლიბანის დედაქალაქში, სავარაუდოდ, ამონიუმის ნიტრატის საწყობში, აფეთქება ძლიერ ხანძარს მოჰყვა. შედეგად ბეირუთის პორტში არსებული ინფრასტრუქტურა განადგურდა. მომხდარს ძლიერი ნგრევა მოჰყვა ქალაქშიც. ჩამონგრეულ შენობებში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1197 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 974 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 294 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7066 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 18.7 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 11.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 704 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.