logo
ENG



ამბები, რომლებიც 8 ივლისს უნდა იცოდე

08 ივლ 202009:04
3 წუთის საკითხავი
clock 1801
x7gjxp7jijgiuuw.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 8 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

ახალი მანქანა შაქარაშვილის საქმეში

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთა. დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასა და არაგვის ხიდთან სამარშუტო მანქანა ფიგურირებს. კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ მას შემდეგ რაც გურამ ამირხანაშვილს ტოიოტას მარკის ავტომობილიდან მეტროს ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვამენ, ის გზას აგრძელებს, რამდენიმე წუთში კი მასთან ახლოს სამარშუტო მანქანა ჩერდება, რომლიდანაც ერთი პირი გადმოდის.საქმეში ახლადგამოჩენილი ბიჭი გური ამირხანაშვილს უახლოვდება და მასთან დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში შედარებით ჩაბნელებულ ადგილას ჩერდება. 

ახალ ვიდეომასალას ბრალდებულების ადვოკატები აფასებენ. მათი თქმით, ვიდეომასალა ამტკიცებს, რომ ამირხანაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ახალგარემოებებზეც საუბრობს. მისი თქმით, მას აქვს სხვა ვიდეომასალაც, რომელიც მცხეთაშია გადაღებული და უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს. 

პოლიტმეტრში" არაგვის ხიდთან ვიდეომასალებში არსებულ სამარშუტო ტაქსზე ისაუბრა მირიან ნიკოლაძემ. გარდაცვლილი ფეხბურთელის ნათესავის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ სამარშუტო ავტომობილი თბილისი-ჭიათურის ხაზს ეკუთვნის და ავტომანქანის მძღოლის ვინაობა დადგენილია. ამის გარდა, სამარშრუტო ტაქსთან დაკავშირებით ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებებიც. თუმცა, ოჯახის ახლობელი სამარშრუტო ტაქსის გაჩერების მიზეზს ვერ ასახელებს.

 

მკვლელობა მცხეთაში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში 28 წლის კაცმა მამა და ბაბუა ცივი იარაღით მოკლა. ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ, სავარაუდოდ ის მეზობლის მანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივები ყვებიან, რომ კაცმა 10 დღის წინ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც სასჯელს მკვლელობის გამო იხდიდა. მომხდარს შსს 109-ე მუხლის მესამე ნაწილით იძიებს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მცხეთაში ორი პირი მოკლეს

08 ივლ 202001:06 მკვლელობა მცხეთაში -

 

ხანძარი წინანდალში

გვიან ღამემდე აქრობდნენ ხანძარს წინანდალში, სასტუმრო რედისონში. ტერიტორიაზე ცეცხლი დაახლოებით ღამის 12 საათისთვის სავარაუდოდ ორთქლის აბანოდან გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 35 თანამშრომელი და 6 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 

რურუას საქმე

საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას პროცესი გაგრძელდება. პროცესზე განმარტებებს გააკეთებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელი. მესამე სექტორის წარმომადგენელი სხდომაზე საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრებს. რურუას ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ჩხრეკის ორდერში დარღვევები გამოიკვეთება, რურუასადმი იარაღის ჩადების ფაქტი დადასტურდება.

 

აქტივისტების აქცია 

მარეგულირებელი კომისიის დაანონსებულ ცვლილებას დღეს სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალე“ აქცია-პერფომანსით გააპროტესტებს. მათი განმარტებით, მედიის კონტროლი ივანიშვილის დაკვეთაა და ისინი არ დაუშვებენ თავისუფალი მედიის ზეწოლას. აქცია 3 საათზე კომუნიკაციის კომისიის შენობასთან გაიმართება. 

 

ჩინეთი შეერთებული შტატებისთვის უდიდეს საფრთხესწარმოადგენს - FBI 

განცხადება FBI-ის დირექტორმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. კრისტოფერ რეის თქმით, ჩინეთი ზესახელმწიფოს სტატუსის მოსაპოვებლად მუშაობს და ამისთვის არაერთ ხერხს იყენებს. მისი განმარტებით, ოფიციალური პეკინი ამერიკის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად ეკონომიკური შპიონაჟის კამპანიას, მონაცემებისა და სავალუტო ინფორმაციის მოპარვას, ასევე არალეგალურ პოლიტიკურ ხერხებს მიმართავს.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. ის ოფიციალურ პეკინს COVID-19-ის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

958 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 838 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 202 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3903 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 11.9 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 6.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 546 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 58 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა