ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 8 სექტემბერს უნდა იცოდეთ
სააკაშვილი პრემიერად?
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მან 31 ოქტომბრის არჩევნებსა და მის მნიშნვნელობაზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ის მზად არის პრემიერ-მინისტრი არასრული ვადით, მაქსიმუმ 2 წლით გახდეს. ექსპრეზიდენტის თქმით, მისი მიზანი ქვეყანაში მშვიდობისა და წარმატების მიღწევაა. მისივე თქმით, ის საქართველოში მაშინ ჩამოვა, როდესაც დაბრუნდება არეულობას არ გამოიწვევს. სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის შეცდომებსა და ხისტ დამოკიდებულებებზეც ისაუბრა. მან ის გეგმაც დაასახელა, რაც მისი პრემიერობის დროს ქვეყანაში სამართლიანობის დასამკვიდრებლად შესრულდება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ოპოზიციასა და მმართველი გუნდში ეხმაურებიან. ნაციონალური მოძრაობაში მესამე პრეზიდენტის განცხადებას ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ. თუმცა ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს. მათ მიაჩნიათ, რომ ექსპრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნება არაფერს შეცვლის. სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა. ირმა ინაშვილმა სააკაშვილს კურდღელი უწოდა. მმართველ გუნდში კი, მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, ის მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა.
კოვიდინფიცირებულები არჩევნებზე
2020 წლის არჩევნებში შესაძლოა კოვიდინფიცირებულმა ამომრჩევლებმა ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლონ. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა განაცხადა, თუმცა როგორც ანა მიქელაძე განმარტავს, ჯერ-ჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ მიუღია. რაც შეეხებათ კარანტინში მყოფ მოქალაქეებს, ცესკოს პრესსპიკერი ვარაუდობს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ.
სხვა ქვეყნებში არჩევნების ჩატარებისთვის COVID-19-ს ხელი არ შეუშლია. როგორც პრესსპიკერი ამბობს, ცესკო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მისივე განმარტებით ჯერ-ჯერობით ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
დახურული „რესპუბლიკა”
COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის გამო რესტორან რესპუბლიკის ნაწილი დაიხურა. რესტორნის მენეჯერის, თაკო კვერნაძის განცხადებით, პირველ სართულს არ აქვს შეხება რესტორნის იმ ნაწილთან სადაც საეჭვო სიმპტომების მქონე თანამშრომელი მუშაობდა. ამას გარდა, სავარაუდო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ რესტორნის პერსონალს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. ტესტირების პასუხები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
.კოვიდ-19-ის შესაძლო შემთხვევის გამო, რესტორანი რესპუბლიკა დროებით დაიკეტა
რესტორნის მენეჯერისთვის უცნობია, საიდან შეიძლება დაინფიცირებულიყო რესტორნის თანამშრომელი. კვერნაძე არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა პოზიციაზე არის რესტორნის ის თანამშრომელი რომელსაც საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა. როგორც, მენეჯერი ამბობს იმ შემთხვევაში თუ პირს კორონავირუსი დაუდგინდება, გამორიცხულია მას რესტორნის სტუმრები დაეინფიცირებინა.
შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები
მოკლული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმელზე და ფრჩხილებზე ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით ბრალდებულების დნმ-ი არ ფიქსირდება. ექსპერტიზის პასუხები ბრალდებულის ადვოკატებმა გაასაჯაროვეს. ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განმარტებით, ექსპერტიზის ყველა ნაწილში დადგინა, რომ არც ბრალდებულების ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა ფეხბურთელის დნმ-ის კვალი.
ლაგოდეხში კაცი დაჭრეს
45 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, სავარაუდოდ ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. დაჭრილის ძმა მუსა რუხანოვი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ ურთიერთშელაპარაკება ავტომობილის გამო დაიწყო. მისი თქმით, მოძალადემ თავისი მანქანა მისი ძმის სახლთან ისე გააჩერა, რომ მან გარეთ გასვლა ვეღარ შეძლო. როგორც დაჭრილის ძმა ყვება, მოძალადე მეზობელი ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს
ავარია გორში
ქალაქ გორში, მშვიდობის ქუჩაზე ორ მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ბეემვეს“ მარკის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა მათ იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდნენ. ორივე მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მეორეს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ადგილზე სამართალდამცველები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლები, ფორმულა ნიუსთან საუბარში აღნიშნავენ, რომ საღამოს საათებში ავტომანქანებით დრიფტი იმართება. მოსახლეობა სამართალდამცველებს მეტი ყურადღებისკენ და პატრულირების გაძლიერებისაკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ავტოსაგზაო და უბედური შემთხვევები.
ინაშვილის ნაჩუქარი ხატი აფხაზეთიდან დაბრუნდა
ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნებული ხატი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დააბრძანეს. ხატი "პატროიტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ეკლესიაში მხარდამჭერებთან ერთად მიაბრძანა. პროცესიას ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი სასულიერო პირებთან ერთად დახვდა და მათ პარაკლისი აღავლინეს. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ბაგრატის ტაძარში დარჩება. როგორც პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა განაცხადა, შერიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯს თბილისში ბოკერია-სააკაშვილის, ასევე კობახიძისა და მისი ფრთის აქტიურობა მოყვა. როგორც იანშვილი ამბობს, პარტია შერიგების პროცესს მომავალშიც გააგრძელებს.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1684 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1315 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსისგავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 390 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5882 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 27.4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 19.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 896 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.