კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, რესტორანი რესპუბლიკა დროებით დაიკეტა.
როგორც ფორმულას რესპუბლიკის მენეჯერმა თაკო კვერნაძემ განუცხადა, რესტორნის ერთ-ერთ თანამშრომელს საეჭვო სიმპტომები აქვს.
"ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს. მას სიმპტომები უფიქსირდება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს რესტორანი დაგვეკეტა. ბოლოს ეს თანამშრომელი სამსახურში შაბათს იყო. მას ჩაუტარდა კვლევა, რომლის შედეგებსაც ხვალ ველოდებით. ასევე ტესტირება სხვა თანამშრომლებსაც უტარდებათ", - ამბობს რესტორნის მენეჯერი.
თაკო კვერნაძე არ აკონკრეტებს თუ რომელ დეპარტამენტში მუშაობს თანამშრომელი.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ახალი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად მატულობს. ქვეყანაში რამდენიმე ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა.