ორი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ რამდენიმე დღის წინ თვითონ დააანონსა, რომ აზარტული თამაშების შესახებ რეკლამებს აღარ გაუშვებდა, თუმცა იმავე მოთხოვნით „ქართული დასი“ დღეს საპროტესტო აქციას გამართავს „პირველი არხის“ ცენტრალურ შესასვლელთან. ამის შემდეგ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან „ამომრჩეველთა კავშირი“ შეიკრიბება და რამდენიმე მოთხოვნას გაახმიანებს, მათ შორის: თავისუფალი ტრიბუნის და საეთერო დროის დათმობას, სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და არხის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას.
წლის საუკეთესო ლელო
მსოფლიო რაგბიმ 2019 წლის საუკეთესო ლელოს წოდებაზე წარდგენილი ნომინანტები დაასახელა, მათ შორის, 3 მსოფლიო თასის მონაწილეა. გამარჯვებულის ვინაობას ტოკიოში დაგეგმილ დღევანდელ საზეიმო ცერემონიალზე შევიტყობთ. მსოფლიო რაგბი წლის საუკეთესო ლელოს 2007 წლიდან ასახელებს, აღნიშნული ჯილდო კი 2-ჯერ არავის მოუგია.
უსაზღვრო შესაძლებლობები ქალთა გაძლიერებისთვის
მოხალისეთა ჰაბი და ახალგაზრდა ევროპელი ელჩები Forbes Woman-სა და „სულაკაურის გამომცემლობასთან“ პარტნიორობით ქალთა გაძლიერების მიზნით გაერთიანდებიან. ღონისძიებაზე, რომელიც „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება, 15-მდე მომხსენებელი წარდგება. სიტყვით გამომსვლელები ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო თუ მოხალისეობრივ პროექტებზე მიაწვდიან ინფორმაციას.