ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 5 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.
კორონავირუსით საქართველოში მეორე ადამიანი გარდაიცვალა - გარდაცვლილი 81 წლის ქალია.
„პაციენტის მდგომარეობა იყო ტერმინალური. გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია და მწვავე სეფსისი, ასევე გატანილი იყო მწვავე ინფარქტი. მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და სამწუხაროდ დაფიქსირებული იქნა ბიოლოგიური სიკვდილი“
COVID-19 საქართველოში
ქვეყანა პრეკრიზისულ პერიოდშია, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კი საგანგაშო არ არის - ასე შეაფასა თენგიზ ცერცვაძემ ამ ეტაპისთვის არსებული ვითარება.
როგორც „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ სტუმრეობისას ცერცვაძემ განაცხადა, ციფრები ამ ეტაპისთვის დამამშვიდებელია და ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემის კრიზისი დღის წესრიგში არ დადგება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170, ხოლო გარდაცვალების 2 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტის ტესტზე ელოდებიან უარყოფით პასუხს.
ამჟამად, stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5067 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.
საკვირაო წირვა პატრიარქის გარეშე
საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა კვლავ ტარდება.
უკვე მეორე კვირაა, პატრიარქი ილია II წირვას სამებაში არ ესწრება. ამჯერად ტაძარში არც სხვა მაღალი იერარქები არ იმყოფებიან.
რაც შეეხება მრევლის რაოდენობას, ეკლესიაში რამდენიმე ათეული ადამიანია თავმოყრილი.
ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ
ლონდონიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს 180 მოქალაქე წუხელ ჩამოვიდა. მგზავრებს ადგილზე გაუზომეს სიცხე და აიღეს ტესტირებისთვის საჭირო ნიმუშები. ყველა მათგანი 15-დღიან კარანტინს გაივლის.
საჩხერის მერის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა
ინფორმაცია თავად საჩხერის მერმა დაადასტურა. მისი თქმით, მისი ცოლი საჩხერის საავადმყოფოში ინფექციონისტია და ინფექცია მას, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტით გადაედო.
ინფიცირებული სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და განმეორებითი ანალიზის პასუხს ელოდება.
COVID-19 მსოფლიოში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1 203 485 შემთხვევაა დაფიქსირებული. COVID-19-ს 64 784 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 247 000 პაციენტი.
ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკელები ყველაზე რთული კვირისთვის უნდა მოემზადონ, რადგან გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს.
უარყოფითი პროგნოზის მიუხედავად, ტრამპი საგანგებო მდგომარეობის წესების შერბილებას სააღდგომოდ აპირებს.
რთული ვითარებაა ევროპაში. ჩინეთზე მეტი ინფიცირებული კონტინენტის უკვე 4 ქვეყანაში ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ჰყავთ.
ელისაბედ II მიმართვა ბრიტანელებს
გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას დედოფალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ მიმართავს. დიდ ბრიტანეთში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 320-ს მიაღწია. ინფიცირებულია 42 479 ადამიანი.
მონარქობის 68 წლის განმავლობაში, ეს ელიზაბედ II-ის მეხუთე საგანგებო მიმართვა იქნება.