logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 07.06.2020

07 ივნ 202010:25
3 წუთის საკითხავი
clock 1395
9mkxrswke3tmxl1.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 7 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

ანტირასისტული აქციები აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება


აქციები ლოზუნგით Black Lives Matter აშშ-ში გრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს. კომენდანტის საათის მიუხედავად, აქციის მონაწილეები ნიუ-იორკში არ დაიშალნენ. მინეაპოლისის მერი აქციიდან შეძახილებით გააძევეს, რადგან მან პოლიციის დეპარტამენტის დაფინანსების შეწყვეტაზე უარი თქვა. სიეტლში პოლიციამ აქციის დაშლა ე.წ. Flash Bang-ებით სცადა. ვაშინგტონში საპროტესტო აქციას მერი მურიელ ბოუზერი შეუერთდა. რამდენიმე დღის წინ ტრამპმა მერს არაკომპეტენტური უწოდა, რადგან ბოუზერმა პრეზიდენტს მოუწოდა, გაეყვანა ფედერალური სამართალდამცველები და სამხედროები ვაშინგტონიდან

აქციები იმართება პარიზში, ლონდონში, სტოქჰოლმში, სიდნეისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. BLM მოძრაობას ყოველდღე უერთდებიან ახალი ქვეყნები.

 

საკადრო ცვლილებები შსს-ში


"შაბათის ფორმულას" გაარკვია, რომ შსს-ს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რამდენიმე კვირის წინ მინისტრის პირველ მოადგილე კახაბერ საბანაძეს ჩამოართვა ყველა უფლება და მის ლეგიტიმაციაში მხოლოდ საგარეო ურთიერთობები დატოვა. დღეს უწყებაში ცვლილების ახალი მცდელობა მიმდინარეობს. გომელაურს გადაწყვეტილი აქვს საბანაძე საგანგებოდ შექმნილ კრიზისების მართვის ცენტრში გადაიყვანოს, მის ადგილზე ანუ იოსებ ჭელიძე დანიშნოს და ჭელიძის პოსტი - მინისტრის მოადგილე - ზვიად ხარაზიშვილს ჩააბაროს.

ხარაზიშვილი დღეს შავნაბადას სპეცრაზმის ხელმძღვანელია. მისი სახელი უკავშირდება რამდენიმე ხმაურიან საქმეს - მუხროვანის ამბოხი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის 22-საათიანი სპეცოპერაცია, აფგან მუხთარლის გატაცება და 20 ივნისის დარბევა.

 

აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

 

მოძრაობა შეცვალეს აქტივისტები იკრიბებიან ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან. ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობა და საარცევნო ცვლილებები, ესაა მოთხოვნები, რომელსაც აქტივისტები დააყენებენ. ისინი ბიძინბა ივანიშვილისგან პირობის შესრულებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

 

დაპირისპირება ემზარ კვიციანსა და ომის ვეტერანს შორის

 

სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ემზარ კვიციანი დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრები ომარ მეტრეველის საცხოვრებელ სახლში მივიდა და ოჯახის მტკიდებით, დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დეპუტატი აცხადებს, რომ სახლი მას ეკუთვნის, თუმცა ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ვეტერანის მეუღლის, ნინო მეტრეველის თქმით კი საცხოვრებელი ფართი პრეზიდენმა ომარ მეტრეველს, დამსახურებების გამო, 2006 გადასცა. ის ისან-სამგორის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა. პოლიციაში არ გამოჩენილა თავად ემზარ კვიციანი. საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტის დეპუტატმა 2019 წელს სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, თუმცა მან მეტრეველების ოჯახთან სამართლებრივი დავა წააგო. 

 

საპროტესტო აქციის შემდეგ ქუჩების დალაგებისთვის 18 წლის ბიჭს სტიპენდია და ავტომობილი აჩუქეს


18 წლის ანტონიო გვინმა ბუფალოში პროტესტის შემდეგ ქალაქის ქუჩების დალაგება მარტომ დაიწყო ღამის 2 საათზე და ქუჩებს ათი საათის განმავლობაში ალაგებდა. Ანტონიოს თქმით, მან ტელევიზორში დაინახა, რომ ქუჩები ნაგვითა და შუშით იყო დაფარული, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ გარეთ გასულიყო და დაელაგებინა, რადგან მეორე დღეს ეს ქუჩები ხალხს ისევ დასჭირდებოდა.

View this post on Instagram

18 წლის ანტონიო გვინმა ბუფალოში პროტესტის შემდეგ ქალაქის ქუჩების დალაგება ღამის 2 საათზე მარტომ დაიწყო და ათი საათის განმავლობაში ალაგებდა როცა ანტიონიოს ამბავი გავრცელდა, მას მადლობის ნიშნად, 2004 წლის წითელი მუსტანგი და მედაის კოლეჯში ბიზნესის ფაკულტეტზე სტიპენდია აჩუქეს

A post shared by Formula • ფორმულა (@formulaoriginals) on

 

როცა ანტიონიოს ამბავი გავრცელდა, მას 2004 წლის წითელი მუსტანგი აჩუქეს და მას მედაის კოლეჯში ბიზნესის ფაკულტეტზე დაუფინანსებენ სწავლას.

 

 

პოლიციელები, რომლებსაც 75 წლის კაცზე ძალადობისთვის ბრალი წაუყენეს, დანაშაულს არ აღიარებენ


ოფიცრებს აარონ ტორგალსკისა და რობერტ მაქქაბეს მეორე ხარისხის ძალადობის მუხლით ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც ბუფალოში პროტესტის დროს 75 წლის კაცზე იძალადეს. 75 წლის კაცი ოფიცერს ჩაფხუტს აწვდიდა, როცა ის წააქციეს. დაცემისას კაცმა თავი დაარტყა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ისინი ბრალს არ აღიარებენ მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ჰკრეს კაცს ხელი და როგორ ეცემა.

 

 

კონორ მაკგრეგორი კარიერას ასრულებს


UFC-ის ჩემპიონმა გადაწყვეტილება Twitter-ზე გამოაცხადა. მაკგრეგორმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გაუზიარა.

View this post on Instagram

UFC-ის ჩემპიონმა გადაწყვეტილება Twitter-ზე გამოაცხადა. მაკგრეგორმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გაუზიარა „გადავწყვიტე კრივიდან წავიდე. მადლობა გასაოცარი ემოციებისთვის. არაჩვეულებრივი გზა გამოვიარე.” - წერს ირლანდიელი მოკრივე Twitter-ზე

A post shared by Formula • ფორმულა (@formulaoriginals) on

„გადავწყვიტე კრივიდან წავიდე. მადლობა გასაოცარი ემოციებისთვის. არაჩვეულებრივი გზა გამოვიარე.” - წერს ირლანდიელი მოკრივე Twitter-ზე.

მაკგრეგორმა კარიერის დასრულება 2016 წელსაც გამოაცხადა. მოკრივემ 2019 წელსაც დააანონსა, რომ კრივიდან მიდიოდა, თუმცა 2020 წლის იანვარში დონალდ სერონის დაუპირისპირდა და დაამარცხა.

 

საეჭვო ტენდერები

 

საეჭვო ტენდერები, რომლებშიც მილიონები დაიხარჯა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. საუბარია თბილისი მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებებზე დახარჯულ თითქმის 7 მილიონ ლარზე, საიდანაც დიდი ნაწილი ტენდერების გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით დაიხარჯა. არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოავლინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურება ახადაარსებული კომპანიებისგან იყიდეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სატენდერო პირობები, კონკრეტულ იტალიურ კომპანიაზე იყო მორგებული

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში


809 ინფიცირებული, მათგან 674 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 285 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3161 პირი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონ 980 ათასს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 3.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 402 ათასზე მეტია.

დადასტურებული შემთხვევებით ინდოეთმა იტალიას გადაუსწრო. ბოლო 24 საათში ინდოეთში 10 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 7 ათასს უახლოვდება. იზრდება დაავადებულთა რიცხვი ბრაზილიაშიც, სადაც 24 საათში 27 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ვითარება უარესდება სომხეთში. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ ორი პაციენტი დაეღუპათ, რადგან რეანიმაციაში საკმარისი ადგილები არ ჰქონდათ.


close დახურვა