ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა
ქართულ-შვედური გეი დრამის პირველი ჩვენება საქართველოში დღეს გაიმართება.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.
ჩვენების პარალელურას, კინოთეატრებთან ჰომოფობიური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. დღეს დილიდან ულტრამემარჯვენე ჯგყფების ლიდერები ბრიფინგებს მართავენ სხვადასხვა პრესკლუბრბში და კინოჩვენების ჩაშლით იმუქრებიან.
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში.
აქცია პარლამენტთან
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან პარტია „სამართლიანობისთვის” ახალგაზრდული მოძრაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის პროცესთან დაკავშირებით დღეს საპროტესტო აქციას გამართავს.
ადვოკატთა ასოციაციის კონფერენცია
დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და იურიდიული გაერთიანებების საბჭოს პრეზიდენტი ხოსე დე ფრეიტასი.
EMC-ის ანგარიში
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ანგარიშს „სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა“ წარადგენენ.
პრეზიდენტის ფონდის პრეზენტაცია
დღეს თანამედროვე ქართული ხელოვნების მუზეუმში სალომე ზურაბიშვილის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინოფრმაციით, ღონისძიებას გახსნის და მოწვეულ სტუმრებს მიესალმება ფონდის დამფუძნებელი, სალომე ზურაბიშვილი, ხოლო პრეზენტაციას დაესწრებიან: კერძო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, დიმპლომატიური მისიების წარმომადგენლები.