logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 10.02.2020

10 თებ 202009:53
3 წუთის საკითხავი
 
h5d075hbljhddde.jpg

დაიჭერენ თუ არა თბილისის ყოფილ მერს ხელმეორედ

უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. თუმცა, უცნობია დღესვე გამოაცხადებს თუ არა სასამართლო საბოლოო განაჩენს. შალვა შავლიაშვილი, შალვა თადუმაძე და მერაბ გაბინაშვილი გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებენ. უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული იქნება. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქმეზე თადუმაძის მოსამართლეობა, პროცესის პოლიტიკურ სარჩულს კიდევ უფრო ამძაფრებს.

გიგი უგულავას პროკურატურა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება. ამავე საქმეზე უგულავას საქალაქოს სასამართლოში გაფლანგვა არ დაუდგინდა და 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, 2018 წელს შეეფარდა.

"არანაირი საპროცესო გარიგებები ხელისუფლებასთან არ იქნება", - გიგი უგულავა მის საქმეზე ხელისუფლებასთან ვაჭრობას გამორიცხავს. ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიორგი თარგამაძის გადაცემაში გააკეთა. თბილისის ყოფილი მერი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა საქმე სავაჭრო თემად გახადოს, თუმცა უგულავა ამბობს, რომ ასეთი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ვერ შეძლებს.

 

ოპოზიციონერი ლიდერების პროცესები

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი დღეს არის დანიშნული. წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაცვის მხარე პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობას დააყენებს. ტვ პირველის მფლობელის მამა კლინიკაში რამდენიმე დღის წინ უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ვატო წერეთელი მამის გართულებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წელს ფულის გათეთრებას ედავებიან.

უგულავა, ხაზარაძე, ჯაფარიძე და ოქრუაშვილი - ოპოზიციონრების საქმეებზე, რომელთაც საერთაშორისო პარტნიორები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, დღეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში იმსჯელებენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოშია დანიშნული. საქმე ბუტა რობაქიძის საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას შეეხება. წინა სასამართლო სხდომაზე "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მისი თანაპარტიელი, კოტე კემულარია მიიჩნევს, რომ რადგანაც ბრალდების მხარემ 20 ივნისის საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, მის თანაგუნდელზე პოლიტიკურ დევნას ძველი საქმეების განახლებით ცდილობენ. შეგახსენებთ რომ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი პროკურატურამ 19 ნოემბერს წაუყენა.

 

გიორგი რურუას პროცესი

გიორგი რურუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება ასევე დღეს საქალაქო სასამართლოში. როგორც მისი ადვოკატი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის წინააღმდეგ სასამართლოს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. სასამართლო პროცესს სოლოდარობის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტებიც დაესწრებიან და მხარდასაჭერ აქციასაც გამართავენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლიდ დააკავეს.

 

მარნეულელი აქტივისტის პროცესი

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის რაიონში დაკავებული აქტივისტის, რაშან ზიადალიევის სასამართლო პროცესი გაიმართება. მას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. როგორც ცნობილია, სამოქალქო აქტივისტს პოლიციელები სურათებს ფარულად უღებდნენ, ზიადალიევი დაინტერესდა, რატომ უღებდნენ ფოტოს ნებართვის გარეშე, მაშინ, როცა პირადობა თან ჰქონდა. კანონის თანახმად, როდესაც მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან აქვს, ინდეტიფიკაციისთვის სურათის გადაღება უკანონოა. სწორედ ამ კანონის თანახმად რაშანმა სამართალადამცველებს სურათი არ გადააღებინა. ზიადალიევი ეჭვობს, რომ პოლიციამ მისი დაკავება წინასწარ დაგეგმა. როგორც აქტივისტის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რაშან ზიადალიევი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და მას სამოქალაქო აქტიურობის გამო დევნიან.

 

3 წელი დეკანოზი მამალაძის დაკავებიდან

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დღეს სოლიდარობის აქციას გამართავს. თორნიკე მამალაძის თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ერთი წელია საკმაოდ მძიმეა - ის უკვე ნახევრად პარალიზებულია. ფორმულასთან საუბრისას დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აღნიშნავს, რომ მამალაძის თავისუფლებაში ყოფნა პირადად შორენა თეთრუაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ირაკლი შოთაძეს არ სურს. მსჯავრდებულს ე.წ. ციანიდის საქმის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

 

ოპოზიციის მორიგი შეხვედრა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მოლაპარაკების მაგიდასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. მმართველი გუნდის ოპონენტები დღევანდელ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებს განიხილავენ. იქამდე სანამ ხელისუფლება-ოპოზიციას შორის შეხვედრის მეხუთე რაუნდი გაიმართება, ოპოზიციის წევრები მთავარ მოთხოვნაზე შეთანხმდებიან. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მმართველ პარტიასთან ახალი შეთავაზებაც ჰქონდეთ, ეს კი შესაძლოა 130/20-ზე იყოს. ოპოზიციური სპექტრისთვის მისაღები ყველა ის საარჩევნო სისტემა იქნება, რომელიც პროპორციულ მოდელს ემყარება. იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი დათმობაზე არ წავა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები პიკეტირებასა და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.


სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პროკურატურაში ჩივის

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატს დღეს გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს. საქმე საქართველოს უზენაეს მოსამართლეს, გიორგი შავლიშვილს ეხება, რომელსაც საქმეში ბრალდებული კიდევ ორი მოზარდის, ჯანაშიასა და ბარბაქაძის განაჩენი და საქმის ოქმები უნდა წარედგინა. ზურაბ თოდუას განცხადებით, სანამ საქმესთან დაკავშირებით განაჩენი არ იქნება, კალანდიას ვერ დაკითხავენ. გენერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანის შემდეგ კი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც დაცვის მხარე კვლავ მტკიცებულებების წარდგენას განაგრძობს. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ იმ დოკუმენტების გარეშე, რომელიც შავლიშვილმა დაცვის მხარეს არ გადასცა, აუცილებელია ორივე მხარისთვის.


ახალი კორონავირუსი - განახლებული შედეგები

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულ პაციენტთა რიცხვმა 40-ც  ათასს გადააჭარბა.  დაღუპულთა რაოდენობა 910 -მდე გაიზარდა. ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ბოლო 24-ი საათის განმავლობაში ვირუსს 97-ი პაციენტი ემსხვერპლა. აქედან უმეტესობა ხუბეის პროვინციაში, სადაც საშიში ვირუსის კერა მდებარეობს.  საფრანგეთში კი ალპების საკურორტო ზონაში მყოფი ასობით ტურისტის გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან,  სადაც ბრიტანეთის ხუთ მოქალაქეს, ახალი ვირუსი დაუდგინდა. კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 2003 წელს, ატიპიური პნევმონიის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას. ჩინეთის ხელისუფლებამ  კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომელთა მოწინავე ჯგუფი  ჩინელი კოლეგების დასახმარებლად ეპიდემიის ეპიცენტრში დღეს ჩავლენ.

 

აზერბაიჯანის საპარლამენტოპ არჩევნები

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა. წინასწარი მონაცემებით პარტია "ენი აზერბაიჯან", რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს, საკანონმდებლო ორგანოში 125-ი ადგილიდან 69-ს დაიკავებს და აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებასაც შეძლებს. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  კენჭისყრაში საერთო ჯამში ამომრჩეველთა 47-დ პროცენტზე მეტმა ამოამრჩეველმა მიღო მონაწილეობა. არჩევნები აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. ოპოზიციამ კენჭისყრას ფარსი უწოდა და ხმის მიცემის პროცესში მთელ რიგ დარღვევებზე საუბრობს. მათი თქმით ადგილი ჰქონდა ე.წ.-ლ კარუსელს, ასევე ბიულეტენების გაყალბებას. რიგ  საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს ან არ უშვებდნენ, ან კომისიის მხრიდან მათზე ზეწოლა განხორციელდა. არჩევნების საბოლოო შედეგები  რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.


უამინდობა ევროპაში

შტორმმა სახელწოდებით "ზაბინე" გერმანიის რამდენიმე რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია. კიოლნის და ფრანკფურტის აეროპორტებში ასობით რეისი გაუქმდა. სამაშველო სამსახურებმა დაზარალებულ რეგიონებში საფრთხის უმაღლესი ზომა გამოაცხადეს. ქარიშხალი დაატყდა შვედეთსაც, სადაც ელექტროენერგიის გარეშე 11-ტ ათასზე მეტი ოჯახი დარჩა.  დიდ ბრიტანეთში კი შტორმს წყალდიდობა მოჰყვა. ყველაზე მეტად  ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონები დაზარალდა. ბრიტანეთის ქალაქების უმეტესობაში ძლიერი ქარის გამო გადაიდო ფრენები.  მათ შორის ჰითროუს და გეთვიკის აეროპორტებში. შეფერხებით ფუნქციონირებს სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა.

 

უჩვეულო სანახაობა საბერძნნეთში

ათენის თავზე ე.წ. თოვლის მთვარე გამოჩნდა. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი, ჯერ მოწითაო-ალისფერი იყო, რამდენიმე ხანში კი უჩვეულოდ თეთი ფერი მიიღო. გასულ ღამეს მთვარე ორბიტაზე დედამიწისგან უახლოეს წერტილში აღმოჩნდა , რის გამოც ის უჩვეეულოდ დიდი ჩანდა. ათენის აკროპოლისთან ულამაზეს სანახაობას რამდენიმე ასეული ადამიანი აკვირდებოდა.

 

ოსკარების დაჯილდოების 92-ე ცერემონია

ლოს-ანჯელესის "დოლბის" თეატრში "ოსკარის" დაჯილდოების 92-ე ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული რეჟისორ ბონგ ჯუნ-ჰოს ფილმი სამხრეთ კორეული "პარაზიტი" გახდა. ეს პირველი არაინგლისურენოვანი ფილმია, რომელმაც აღნიშულ ნომინაციაში გაიმარჯვა. ამავე ფილმს ერგო "ოსკარები" ნომინაციებში საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი.

სხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს:

  • მთავარი როლის შემსრულებელი კაცი:​ ხოაკინ ფენიქსი ფილმში "ჯოკერი";
  • მთავარი როლის შემსრულებელი ქალი: რენე ზელვეგერი ფილმში "ჯუდი";
  • მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი: ბრედ პიტი ფილმში "ერთხელ ჰოლივუდში";
  • მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: ლორა დერნი ფილმში "ქორწინების ისტორია";
  • საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: "ბაჭია ჯოჯო";
  • საუკეთესო ანიმაციური ფილმი: "სათამაშოების ისტორია 4" (ჯოშ კოლი);
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი: "თმის სიყვარული";
  • საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური კომპოზიცია: "ჯოკერი" (ჰილდურ გუდნადოუტირი);
  • საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: ვივიენ ბეიკერი, კაზუ ჰირო და ენ მორგანი ფილმისთვის "სექსსიმბოლო";
  • ხმის საუკეთესო მონტაჟი: დონალდ სილვესტერი ფილმისთვის "ფორდი ფერარის წინააღმდეგ";
  • საუკეთესო მონტაჟი: "ფორდი ფერარის წინააღმდეგ";
  • ხმის საუკეთესო მიქსი: მარკ ტეილორი და სტიუარტ უილსონი ფილმისთვის "1917";
  • საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: გრეგ ბატლერი ფილმისთვის "1917";
  • საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი: "1917";
  • საუკეთესო სიმღერა: I’m Gonna Love Me Again - "როქეთმენი";
  • საუკეთესო მხატვრობა: ბარბარა ლინგი და ნენსი ჰაი ფილმისთვის "ერთხელ ჰოლივუდში";
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: "ამერიკული ქარხანა" (სტივენ ბოგნარი, ჯულია რიჩერტი);
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: "სკეიტით სიარულის სწავლა ომის ზონაში";
  • კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი: "პატარა ქალები".

close დახურვა