logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 11.03.2020

11 მარ 202010:01
3 წუთის საკითხავი
 
pv4p3w8um36276v.jpg

გეფას ხელმძღვანელის წერილი თანამშრომლებს

კორონავირუსით დაინფიცირებული გეფას ხელმძღვანელი, რომელიც იტალიიდან საქართველოში პირველ მარტს დაბრუნდა თანამშრომლებს წერილს უგზავნის და შექმნილი ვითარების გამო ბოდიშს იხდის. ფორმულა ნიუსისთვისცნობილი გახდა წერილის შინაარსი. გეფას ხელმძღვანელი თანამშრომლებს განუმარტავს, რომ საზღვარზე შემოსვლისას მასსა და მასთან ერთად მყოფ 7 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს, მას შემდეგ კი რაც ტემპერატურა არ დაუფიქსირდათ, აეროპორტი დატოვეს. ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საზღვარზე შემოსვლისას სიცხის დამწევი წამალი დალია.

 

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ბავშვი

კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში. გუშინ გვიან საღამოს დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან ერთი არასრულწლოვანია. ბავშვი სავარაუდოდ, 12 წლისაა. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გუშინ საღამოს გამოვლენილი ახალი კორონავირუსისინფიცირების შემთხვევებიდან 5 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

პირველ ჯერზე ჩატარებული კვლევის შედეგად, მათ კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ. განმეორებითმა ტესტმა კი ვირუსის არსებობა დაადასტურა. ერთ-ერთი დაინფიცირებული ვარაუდობს, რომ ვირუსი სამუშაოს შესრულების შემდეგ მიღებული ფულით გადაედო. მას კონტაქტი ჰქონდა პაციენტ ნომერ ხუთთან. ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა.

 

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკაშირდება.მათგან 2 შემთხვევა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა, პაციენტები უკვე მოათავსეს ადგილობრივ ინფექციურ კლინიკებში. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა. მისი თმით, ახალი ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

 

იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი მგზავრები

იტალიიდან გუშინ სპეცრეისით ჩამოსული 7ი მგზავრი, ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ თერმო სკრინინგის შემდეგ ტემპერატურა დაუფიქსირდათ, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გუშინ იტალიიდან ორი ავია რეისი შესრულდა. თბილისში საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოიყვანეს.

შსს ინფორმაციით, სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა ჩამოსული მოქალაქეები განცალკევებით დაარეგისტრირეს, ადგილზე გაიარეს თერმოსკრინინგის პროცედურა და იქვე შეივსო შესაბამისი დანართი ეპიდემიოლოგების მიერ. შსს-ს ინფორმაციითვე, იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, ყველა აუცილებელი პროცედურის დასრულების შემდეგ, სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

 

იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეები სასტუმროში მოათავსეს

რეისის დაშვების შემდეგ იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში ერთერთ უბანში წაიყვანეს. ისინი ერთერთ სასტუმროში მოათავსეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი იტალიიდან დაბრუნებული ადამიანების მათ სიახლოვეში ყოფნას აპროტესტებს. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ახლოს განთავსებული საკარანტინო ზონა მათ ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე აყენებს.

ამირან გამყრელიძე კი სასტუმროსთან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ საკარანტინო ზონის საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად განთავსება, ადგილობრივების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

 

აეროპორტში დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ვროპარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო, ნაწილი კი გაუქმდა. ეპიდემიის პრევენციის მიზნით, ევროპის პარლამენტში აღარ გაიმართება საჯარო საკომიტეტო მოსმენები, სემინარები, ვიზიტები და გამოფენები. შემცირდა პლენარული სესიის დღის წესრიგი, რის გამოც საქართველოს საკითხის განხილვა დღის წესრიგიდან ამოიღეს, რომელიც დღეს იგეგმებოდა. უცნობია ასევე საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრის თარიღიც.

 

სენატორების შეფასება ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებაზე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას ამერიკელი სენატორები ეხმაურებიან. სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში შეთანხმებას საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისაკენ გადადგმულ გადამწყვეტ ნაბიჯს უწოდებს და წერს, რომ ახლა ის პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას ელის.სენატორმა, ჯინ შაჰ ინმა კი განაცხადა რომ დადებული შეთანხმება საქართველოს დემოკრატიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

ოპოზიციის შეფასება კონგრესმენების განცხადებაზე

კონგრესმენების განცხადებას გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას. ოპოზიციის სპექტრის განცხადებით, საერთაშორისო მეგობრები ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, პოლიტიკურად დევნილი ადამიანების განთავისუფლებას ელიან. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები გამოთქვამენ იმედს, რომ მმართველი გუნდი ყველა დანაპირებს შეასრულებს.

 

ევროპარლამენტარი ხელისუფლება-ოპოზიციის შეთანხმებაზე

ევროპარლამენტში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას ელოდებიან. ევროდეპუტატ ვიოლა ვონ კრამონის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში  საარჩევნო სისტემის გარდა, სასამართლო სისტემა და მოსამართლეების კომპეტენტური  შერჩევაც იქნება. მისი შეფასებით  ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინება, დემოკრატიის გზაზე გადადგმულ სწორ ნაბიჯია.

 

საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში დღეს მოხდება. ოპოზიციური პარტიები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში არიან. „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის სხდომას დღესაც არ დაესწრება, რადგან ისინი შეთანხმების შესრულების გარანტიებს ელიან. განსხვავებული მოსაზრება აქვთ „ევროპულ საქართველოში". პარტიის წევრები პარლამენტში ყველა ფორმალურ შეხვედრაზე მისვლას აპირებენ. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მათი გადაწყვეტილება საერთო მიზნის მიღწევას ემსახურება. ინიცირების შემდგომ, უკვე მომდევნო კვირაში შეიქმნება საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, აპრილის ბოლოს კი შესაძლებელი იქნება, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ეყაროს კენჭი.

 

მესამე სექტორი უზენაესის ახალი თავმჯდომარის შესახებ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის არჩევას არასამთვრობოსექტორში მწვავე შეფასებები მოჰყვა. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ ქადაგიძის შერჩევის მთავარი მიზეზი სასამართლო სისტემაში არსებული კლანის მიმართ ერთგულებაა. მათივე განცახდებით, შალვა თადუმაძისკანდიდატურაზე უარის თქმა ხელისუფლებას, შიდა და გარე ზეწოლის შედეგად მოუწია.

იუსტიციის საბჭოში პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნად კანდიდატებს კენჭი გუშინ უყარეს. ნინო ქადაგიძის კანდიდატურას საბჭოს 13 წევრიდან 12-მა მხარი დაუჭირა. საბჭოს არამოსამართლეწევრმა ანა დოლიძემ კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა, ნაზი ჯანეზაშვილმა კი, ბიულეტენი გააუქმა. ნინო ქადაგიძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება. პოსტზე 10 წლის ვადით დასანიშნად მას 78 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 

ხანძარი რეგიონებში

მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ ხანძარს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში. დაახლოებით 50 ჰექტარზე ცეცხლი ხე ბუჩქნარს ეკიდა. დაიწვა ერთი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც არავინ ცხოვრობდა. ადგილზე შვიდი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილზე ცეცხლი ქვედა საფარს ეკიდა. ხანძრის ლოკალიზებას სახანძრო სამსახურის ორი მანქანა ცდილობდა. ცეცხლის ჩაქრობას ხელი ძლიერმა ქარმა შეუშალა.


close დახურვა