უგულავას დაკავების გამო ხელისუფლების მწვავე კრიტიკა გრძელდება
გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების კრიტიკის ტალღას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი შეუერთდა. რინკევიჩი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ საქმის გარშემო არსებული ვითარება არ შეესაბამება მოწინავე პოლიტიკური დიალოგის პროცესს.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი გიგი უგულავას საქმეზე კითხვებსა და შეშფოთებას აჩენს. ვითარება ამ საქმის გარშემო არ შეესაბამება მოწინავე პოლიტიკური დიალოგის პროცესს. სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საქართველოს ევროპული გზის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია“, - წერს რინკევიჩი.
საქართველოს ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავასთვის 38 თვით პატიმრობის მისჯას ძველი დარღვევისთვის, რომლისთვისაც მან უკვე მოიხადა სასჯელი, გმობს, ევროპის პარლამენტის ჯგუფი Renew Europe-ი, რომელიც ლიბერალურ, პროევროპულ პარტიებს აერთიანებს.
Renew Europe-ის მიერ გავცელებულ განცხადებაში წერია, რომ უგულავას დაპატიმრება ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, უზრუნველყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა.
„ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუში IRI-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლოს იარაღად გამოყენება დაუშვებელია.
„პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის“ საგანგებო სხდომა
„ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში, „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის“ საგანგებო სხდომა გაიმართება. შეკრებაზე გიგი უგულავას დაპატიმრების საკითხზე სპეციალური მოსმენა შედგება, ასევე განიხილება პოლიტიკურ დევნის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
აქცია ქუთაისში
სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ.
ფაბრიკის თანამშრომლები მოითხოვენ მათ მიერ,7 თვის წინ შეტანილი სარჩელების დროულად განხილვას და სამართლიანობის აღდგენას.
ტექსტილის კომპანია "ქუთექსმა" 2019 წლის ივლისის თვიდან მუშაობა შეწყვიტა და უარი თქვა დასაქმებულთა მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის, მათი ხელფასის ანაზღაურებაზე. ამჟამად, სასამართლოში "ქუთექსის" 84 თანამშრომელს სარჩელი აქვს წარდგენილი და 4 თვის სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ.
„ლელო საქართველოსთვის“ ახალი რეგიონული ოფისის გახსნა
პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” გორის რეგიონულ ოფისს გახსნის და ადგილობრივ გუნდს წარადგენს.
მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
პრესკონფერენციები და მთავრობა
-
შვილმოკლული მშობლები, ჯამბულ გამცემლიძე და ია მეტრეველი პრესკონფერენციას გამართავენ.
-
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
-
„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, გოჩა თევდორაძე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ განცხადებას გააკეთებს და „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციას დააფიქსირებს.
-
აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართება.
-
„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეაფასებს.
სასამართლო პროცესები
- თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1310-მდე გაიზარდა
ჰუბეის პროვინციაში, ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1310-ს მიაღწია.
როიტერსის ინფორმაციით, ერთ დღეში ვირუსით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და სულ 242-ს მიაღწია.
ასევე გაზრდილია დაინფიცირებულთა რაოდენობა და ერთ დღეში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 14 840 ადამიანს დაუსვეს. მთლიანად, 60,000 დადასტურებული შემთხვევა არსებობს.