logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 13.04.2020

13 აპრ 202010:43
3 წუთის საკითხავი
clock 1506
ybg3wno820wawlr.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 13 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.

მოსახლეობის 45%-ს საკვების ფული ერთ თვეზე ნაკლებ დროში ამოეწურება - Edison Research

ედისონ რისერჩის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 45% აცხადებს, რომ ოჯახის ფინანსური მარაგი საკვები პროდუქტებისთვის 1 თვეზე ნაკლებ დროში ამოეწურებათ. კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 96% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ გადასახადები პანდემიის დასრულებამდე უნდა გადაავადოს, 94%-ის აზრით, უნდა გაიზარდოს დახმარება პენსიონერებისთვის, 97% კი ფიქრობს, რომ მთავრობამ ეკონომიკას ხელი გადასახადების შემცირებით უნდა შეუწყოს. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გუშინ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში" ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ძირითად კრიტერიუმზე ისაუბრა.

COVID-19 საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირების 266 შემთხვევიდან, 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილია 3 ადამიანი. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა. ისინი მკურნალობას საქართველოში აგრძელებენ.

კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა საქართველოში

COVID-19 მსოფლიოში

მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ იზრდება. ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსს უკვე 114 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ კი 1 850 000-ს გადააჭარბა. მზარდია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 423 000-ზე მეტია. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა 50 000-ზე მეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა მსოფლიოში

აშშ კვლავ პანდემიის ეპიცენტრია. სწორედ აქ ფიქსირდება ყველაზე მეტი (560 000) დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში და გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვიც ყველაზე მეტია (22 000 აჭარბებს).  მეორე ადგილზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალიაა (19 899), მესამე ადგილზე კი ესპანეთი (17 209).

კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა მსოფლიოში

ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება


20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების ერთ-ერთი კრიტერიუმი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის უფლებამდამცველი გამამართლებელ განაჩენს არ ელოდება. ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. უცნობია დაესწრება თუ არა თავად ბრალდებული დღევანდელ პროცესს.

ქართველ სასულიერო პირს მადრიდში კორონავირუსი დაუდგინდა

არქიმანდრიტ პიროს გოცირიძეს ვირუსის სიმპტომები 10 დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. სასულიერო პირის თქმით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების გამო, ეკლესია ერთი თვის წინ დაიხურა და ონლაინ ლოცვებზე გადავიდა. ამ დროისთვის არქიმანდრიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კიევში კორონავირუსით ბერი გარდაიცვალა

გარდაცვლილი ბერი კიევის პეჩერის ლავრაში მსახურობდა. კორონავირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი სამონასტრო კომპლექსის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პავლეც. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ბოლო რამდენიმე კვირაა ცნობილ ლავრაში კარანტინია გამოცხადებული. მიზეზი სასულიერო პირებს შორის გავრცელებული კორონავირუსია. ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19, 30 სასულიერო პირს დაუდასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ, პეჩერის ლავრის წინამძღოლი, სამონასტრო კომპლექსის უსაფრთხოების მიზნით დახურვის წინააღმდეგ გამოვიდა. ინფიცირების პირველი შემთხვევები მონასტერში 4 აპრილს გამოვლინდა.

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება

ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები - ქვეყანაში კორონავირუსის გარშემო შექმნილი ვითარება და საგანგებო მდგომარეობის საკითხი განიხილება

აპარატი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში წარმართავს.

მსოფლიო პატრიარქი მორწმუნეებს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

„ძმანო და შვილნო, მალე გავა დრო, პანდემია დაიძლევა და ღვთის წყალობით ჭრილობებიც შეხორცდება.“ - მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა მრევლს მიმართა და ვნების კვირის დაწყების შესახებ აუწყა. მსოფლიო პატრიარქი მორწმუნეებს მოუწოდებს, შეიტანონ საკუთარი წვლილი კორონავირუსის პრევენციაში და დაემორჩონ მეცნიერების რეკომენდაციებს. წერილობით გზავნილში ხაზგასმულია, რომ მიღებული ზომებით არ ილახება და იზღუდება რწმენა, ასევე არ კნინდება ტაძრისა და მასში აღსრულებული საიდუმლოებების ცენტრალური როლი.

შეერთებულ შტატებში სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

მისისიპის შტატში ძლიერ შტორმს ტორნადოები და წყალდიდობა მოჰყვა. ლუიზიანაში კი, ქარბორბალამ ნგრევა გამოიწვია. განადგურებულია რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას, რომელიც კორონავირუსის გამო სავალდებულო კარანტინის რეჟიმში იმყოფება, მოუწოდებს, არ დაიცვან რეკომენდაციები იმ შემთხვევაში, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სტიქიის გამო Covid-19 გავრცელების შესაჩერებლად შემოღებული ზომები, ალაბამას შტატშიც გააუქმეს.


close დახურვა