საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ოფიციალურად 16 იანვარს დატოვებს. გადადგომის შესახებ მან გასული წლის დეკემბერში განაცხადა.
ახალი დირექტორის ვაკანსია სააგენტომ უკვე გამოაქვეყნა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება. დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. ის საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში არ მონაწილეობს.
ზუგდიდში 1 500 მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
ზუგდიდში ქალაქისა და რამდენიმე სოფლის 1 484 აბონენტს გაზმომარაგება სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო შეუწყდება. ბუნებრივი აირის მილების განახლების სამუშაოები 16 იანვარს დილით დაიწყება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზმომარაგება 17 იანვარს საღამოს საათებში აღდგება.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2019 წლის ნოემბერ-დეკემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევები პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს აწვდის რეგულარულ ინფორმაციას მოქალაქეთა პრობლემებსა და პრიორიტეტებზე.
გამოკითხვის მათთვის არასახარბიელო შედეგების გამო, NDI ხელისუფლების კრიტიკის სამიზნე ხშირად გამხდარა. ბოლო მსგავსი შემთხვევა გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა, როდესაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა SWAT ანალიზში NDI-ის კვლევებს ტენდენციური უწოდა. ბოლო კვლევის თანახმად, თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ქართულ ოცნებას მოსახლეობის 19% მიიჩნევდა.
საქართველოს წყალბურთის ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება
ქართველმა წყალბურთელებმა ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატი ისტორიული გამარჯვებით დაიწყეს. მათ 14 იანვარს საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 9:7 სძლიეს და პლეიოფში თამაში გაინაღდეს. საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი შეხვედრას გამართავს: 16 იანვარს საბერძნეთის, ხოლო 18 იანვარს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ.
იტალიის წყალბურთის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. საბერძნეთის ნაკრებმა კი 2005 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ მოახერხა მესამე ადგილზე გასვლა.
Სასამართლო პროცესები და პრესკონფერენციები
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება, სადაც კვლავ გაგრძელდება ბრალდების მხრიდან მოწმეების დაკითხვა.
- ოქრუაშვილის პარტიის ,,გამარჯვებული საქართველოს” წევრის, კოტე კემულარიას თქმით, პროკურატურა ცდილობს დრო გაწელოს და ოქრუაშვილი საპატიმროში არჩევნებამდე უკანონოდ დატოვოს. „არანაირი მტკიცება არ არის, რომ ოქრუაშვილი ძალადობდა ან ვინმეს რამეს მოუწოდებდა. ის იყო რიგითი მონაწილე. ისინი ჩქარობენ, იმიტომ რომ აპრილში გასდის 9-თვიანი ვადა სასამართლოს გამოძიებას. ამიტომაც შეუთითხნეს ის ძველი ამბავი. 15 წლის შემდეგ ამბავი გამოიგონეს“, - აღნიშნა კემულარიამ. ირაკლი ოქრუაშვილი გავრილოვის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დააკავეს.
- საპატრიარქოსთან სასამართლო დავისა და სოფელ ქვემოჭალაში მდებარე ტაძრის ნაწილის საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ, თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე პრესკონფერენციას გამართავს.