logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 17.11.2019

17 ნოე 201910:34
3 წუთის საკითხავი
 
1uxvq4uieqs806q.jpg

„ყველა მინუს ერთი! ბიძინა უნდა წავიდეს!" - აქცია პარლამენტთან


15:00 საათზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ივნისში გაცემული დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, არ შეასრულა.

პარტია „ევროპული საქართველო" და მისი მხარდამჭერები 14:00 საათზე ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეიკრიბებიან და მსვლელობით შეუერთდებიან აქციას პარლამენტთან.

ასევე, 14:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პუშკინის სკვერთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან.

 

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვარშავაშიც გააპროტესტებენ  

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაშიც გააპროტესტებენ. საქართველოს საელჩოსთან 14:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 სთ) გაიმართება აქცია, რომელშიც მონაწილეობას პოლონეთში მყოფი ქართელი ემიგრანტები, ახალგაზრდები და ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც, როგორც ისინი აცხადებენ, უპერსპექტივობის გამო ქვეყნიდან წავიდნენ.

 

„პატრიოტთა ალიანსის" აქცია

17:00 საათზე, სასტუმრო „რადისონთან" „პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციას გამართავს. Როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა სოციალურ გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერა, აქცია არის დამოუკიდებელი და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ის და მისი მხარდამჭერები არ შეუერთდებიან. აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება „ქართულმა ოცნებამ" დატოვოს ხელისუფლება.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

ქართველი ექიმი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. Მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პაციენტების დასახმარებლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულ ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის „გამიზნულად კვეთას" ედავება. უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

 

წინასწარი გამოკითხვის შედეგებით ბრიტანეთში „კონსერვატიული პარტია" ლიდერობს

გამოკითხვის შედეგებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის პარტიას ყველაზე მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს.

კვლევა ოთხმა კომპანიამ ჩაატარა და თითოეულ მათგანში „კონსერვატიული პარტია" ლიდერობს. YouGov-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „კონსერვატიულ პარტიას" ამომრჩეველთა 45 პროცენტი უჭერს მხარს. SavantaComRes-ის თანახმად, „კონსერვატიულ პარტიას" 41 პროცენტი უჭერს მხარს, „ლეიბორისტებს" კი - 33%. Opinium Research-ისა და Mail-ის შედეგებით, კი ჯონსონის პარტია „ლეიბორისტებს" 16 და 15 პროცენტით უსწრებს.

დიდ ბრიტანეთში, რიგგარეშე არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება.

 


close დახურვა