logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 20.01.2020

20 იან 202010:14
3 წუთის საკითხავი
 
9wwmvtcq10ipzo6.jpg

დაბრუნდება თუ არა ქუცნაშვილი პარლამენტში

უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი დღეს გააკეთებს განცხადებას იმის შესახებ, დაბრუნდება თუ არა საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოში. ქუცნაშვილმა პარლამენტი სერგეი გავრილოვის საქართვრლოში ვიზიტის შემდეგ, საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე დატოვა. ქუცნაშვილი იყო იმ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლის ფარგლებშიც რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველოს პარლამრნტის თავმჯდომარის სავარძელი მოირგო.

ზაქარია ქუცნაშვილის პარლამენტში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს. ჩრდილელის შემდეგ, ქართული ოცნების პარტიული სიით ადგილს სწორედ ქუცნაშვილი იკავებს.

მოძრაობა შეცვალე შსს-სთან გიორგი რურუას მხარდამჭერ აქციას გამართავს

14:30-ზე მოძრაობა შეცვალე შსს-სთან გიორგი რურუას მხარდამჭერ აქციას გამართავს.

31 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია. პოლიტიკური დევნის მთავარ მიზეზად რურუას საქმიანობას ასახელებენ.

გიორგი რურუას პროკურატურა იარაღის უკანონო ტარებას ედავება. ის 18 ნოემბერს, აქციის დაშლამდე დააკავეს. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს.

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე

დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე, ბრძოლაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაებმევა, რომელიც პირველ რაუნდში ვუ კვონ სონს დაუპირისპირდება. კოფეელი ამჟამად მსოფლიოს 83-ე ჩოგანია. რაც შეეხება ბასილაშვილს, ამ დროისთვის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 29-ე ადგილზე იმყოფება.

ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდება

თელავის, ზუგდიდის, ქუთაისის და ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 16 იანვრის ნაცვლად, დღეს, 20 იანვარს განახლდა. სწავლის პროცესის გადადების მიზეზად სეზონური გრიპის გავრცელებისგან თავის არიდება სახელდება. ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყო.

ევროპაში NATO-ს მასშტაბური წვრთნები იწყება

ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები Defender Europe 2020, რომელიც NATO-ს საომარი მზადყოფნის შესამოწმებლადაა გამიზნული, იანვარში იწყება. ამ ინფორმაციას გამოცემა RMX აშშ-ის არმიისა და გერმანიის ბუნდესვერის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელრბს.

წვრთნაში მონაწილე პირველი ამერიკელი სამხედროები ევროპაში 20 იანვრის კვირაში გამოჩნდებიან. წვრთნებში, 20 000 ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად, ევროპაში მყოფი 9 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი ჯარისკაციც მიიღებს მონაწილეობას. 

 

სამხედრო პროგრამა 18 ქვეყანას მოიცავს და 10 ქვეყანაში ჩატარდება, მათ შორის საქართველოში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში. წვრთნები ივნისში დასრულდება.


close დახურვა