logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 22.04.2020

22 აპრ 202011:27
3 წუთის საკითხავი
clock 1609
e4pkyfg05gbwlsv.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 22 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.

 

საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გრძელდება

საკანონმდებლო ორგანომ დღეს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყაროს. პარლამენტში პრეზიდენტიც მივა. ეკონომიკური გეგმის არარსებობის გამო, ოპოზიცია გადაწყვეტილების მხარდაჭერას არ აპირებს. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამ დრომდე დაუსაბუთებელია, რა შედეგი გამოიღო ქვეყანაში ერთი თვით გამოცხადებულმა საგანგებო ვითარებამ. ოპოზიცია კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას ითხოვს.

კრიტიკის საგანია საავტომობილო გადაადგილების აკრძალვაც, რომელიც ძალაში 27 აპრილამდე დარჩა. ამასთან განმარტებები მთავრობის კანცელარიაში დღეს გაკეთდება. 

სავარაუდოდ, საქართველოს რეგიონებში მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება დღის ორ მონაკვეთში დაშვებული გახდება - დილის 6-დან 8 საათამდე და საღამოს 18-დან 19 საათამდე. უცვლელი დარჩება ავტომობილით მგზავრთა გადაყვანის წესი, რომლის მიხედვითაც, ერთ ავტომანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის ჩასხდომა იკრძალება. ასევე, აუცილებელია, რომ სამივე მათგანს ეკეთოს პირბადე, 2 პირი კი მძღოლის უკან უნდა იჯდეს.  

 

ბიძინა ივანიშვილი ნაპოვნია

საჯარო სივრციდან რამდენიმე თვიანი გაუჩინარების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი სოციალურ ქსელში გამოჩნდა. პანდემიიდან 2 თვის, ხოლო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 1 თვის თავზე, ბერა ივანიშვილმა ტიკტოკზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იგი მამასთან ერთად ცეკვავს. 

ოპოზიციის შეფასებით, მსგავსი შინაარსის ვიდეოები საზოგადოების შეურაცხყოფაა, გამნსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, არაფორმალური მმართველს არაცერთი განცხადება გაუკეთებია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ივანიშვილის გასართობი ხასიათის სოციალურ ქსელში გამოჩენა, იმის მანიშნებელია, რომ მას ქვეყნის ბედი არ ადარდებს.

მმართველი გუნდის ლიდერის ტიკტოკერობას არაერთი ხუმრობა, მიმი და კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც.

 

COVID19 საქართველოში

411 ინფიცირებული, მათგან 98 გამოჯანმრთელებული და 5 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. 

via GIPHY

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის წესები. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, რადგან საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკის პერიოდი არ დამდგარა. მისივე თქმით, პიკის პერიოდში ინფიცირებული პაციენტების მკვეთრი მატება იქნება.

 

ბრალდებული პოლიციელის სასამართლო

ბრმა ტყვიით მოკლული ქალის საქმეზე ბრალდებული პოლიციელის აღმკვეთ ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელებენ. სხდომას მოსამართლე რომან ხორავა დისტანციურ რეჟიმში ჩაატარებს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა, რასაც ბრალდებულის უფლებამდამცველი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს მუხლი რეალობას აცდენილია, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია. ბრალდებულს გამოძიება არაპირდაპირ განზრახ მკვლელობას ედავება.

 

დე ფაქტო აფხაზეთში შეზღუდვები გაუქმდა

COVID-19-ის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა. განცხადება დე ფაქტო საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა. რაულ ლოლუას თქმით, გაგრისა და გალის რაიონებში მოიხსნა შესვლის აკრძალვაც. გამონაკლისი მხოლოდ სკოლები, საბავშვო ბაღები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები და კვების ობიექტებია. 

via GIPHY

ვრცელდება ინფორმაცია ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტის შესახებაც. ის გუდაუთის ჰოსპიტალში 8 აპრილიდან მკურნალობდა. ლოლუას თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ვირუსით დაინფიცირების ახალი შემხვევები არ გამოვლენილა. დე ფაქტო აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები 28 მარტიდან მოქმედებდა. 

 

COVID19 მსოფლიოში

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით უკვე 177 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. ბოლო მონაცემებით, ინფექციამ უკვე დაამარცხა 695 ათასზე მეტმა ადამიანმა. ჯამში ვირუსი დაუდასტურდა 2 557 000-ზე მეტ ადამიანს. ოფიციალური მონაცემებით, COVID19-ით ინფიცირებულ პაციენტთა 3%-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

ბოლო 24 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში პანდემიით 2,804 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა დაინფიცირების 26 ათასამდე ახალი შემთხვევა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებს 818 ათასზე მეტი შემთხვევა დასტურდება. ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანას აგვისტოს მიწურულს, სექტემბრის დასაწყისში მეორე, უფრო ძლიერი ტალღა გადაუვლის. სფეროს სპეციალისტებმა საკუთარი პოზიცია განსაკუთრებით მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ გახდა ცნობილი. 

ეპიდსიტუაცია რთულდება დიდ ბრიტანეთში, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდინფექციით 828 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 300-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსი თითიქმის 130 ათას ადამიანს გამოუვლინდა.

დაღუპულთა რიცხვი ამჯერად გაიზარდა იტალიაშიც. გუშინ აქ ახალ კორონავირუსს 534 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 26 600-მდე გაიზარდა. იტალიაში კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 183 ათასზე მეტ ადამიანს, მათგან გამოჯანმრტელებულია 51 ათასზე მეტი პაციენტი.

 

დღეს დედამიწის დღეა

როგორ შეცვალა კლიმატი კორონავირუსის პანდემიამ

კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს სახლში დარჩენის რეკომენდაცია მიეცა. ჩინეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 500 მილიონ ადამიანს, რაც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 7%-ია, სახლში დარჩენა უბრძანა. საკარანტინო ზომები მიიღო იტალიამ, ესპანეთმა და ინდოეთმაც. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ამ შეზღუდვებმა ჩამოშალა ფინანსური ბაზრები, დააზარალა ეკონომიკა, მაგრამ მსოფლიოში ზოგიერთი დაბინძურებული ქალაქის მაცხოვრებლებს, ასევე, მისცა ისეთი რამ, რაც წლების განმავლობაში არ უნახავთ - სუფთა ჰაერი.

via GIPHY

Reuters-მა NASA-ს მონაცემებზე დაყრდნობით ინფოგრაფიკაზე აჩვენა, თუ როგორ შემცირდა ზოგიერთი დამაბინძურებლის კონცენტრაცია მსოფლიოს ჰაერში.

 

ცვლილება ინდოეთში

ყოველ ზამთარს ინდოეთის დედაქალაქი და ჩრდილოეთით მდებარე სხვა ქალაქები სოფლის მეურნეობის ნარჩენების დაწვისგან გამოწვეული სმოგითაა დაფარული. პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და საბოლოოდ 24 მარტს გამოცხადებულმა საყოველთაო კარანტინმა თავისი კვალი დააჩნია ინდოეთსაც. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის მოსახლეობა - 1,3 მილიარდზე მეტი ადამიანი ხელისუფლებამ სახლში დატოვა და დააცარიელა ქალაქები.

via GIPHY



close დახურვა