მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა
მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა, მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.ტერიტორიაზე აკრძალულია შესვლა და გამოსვლა, ასევე დახურულია ყველა ობიექტი, მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გარდა. მარნეულის შესასვლელთან მთელი ღამის მანძილზე ჯარი იყო მობილიზებული. მოეწყო გამშვები პუნქტი რომელსაც საპატრულო პოლიცია და სამხედრო სამსახურის ჯგუფები აკონტროლებენ. ტერიტორიაზე გვიან ღამით რამდენიმე ათეული სამხედრო სპეცტექნიკაც შევიდა. მაყურებელს შევახსენებ, რომ მკაცრი ზომების მიღება, კორონავირუსის გამოვლენის ახალ შემთხვევას უკავშირდება, კოვიდ 19 მარნეულში შუახნის ქალს დაუდგინდა,რომელიც წლისთავზე იმყოფებოდა და კონტაქტი ათეულობით პირთან ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
კორონავირუსის შემთხვევა მარნეულში
მარნეულში ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შუახნის ქალი გუშინ მარნეულიდან თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. კლინიკის დირექტორის, განცხადებით, პაციენტს მწვავე რესპირატორული სიმპტომები აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მას 90-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. თუმცა, მარნეულში გაცილებით უფრო მეტ კონტაქტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქალი წლისთავზე იმყოფებოდა, სადაც 200-მდე ადამიანი იყო.
რაც შეეხება მარნეულის "ავერსის" კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს, რომელიც ინფიცირებულის ოჯახის წევრია, კოვიდ-19-ი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ "ფორმულას", ავერსის კლინიკურმა დირექტორმა, ლელა კიწმარიშვილმა განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ფორმულას ეთერში გიორგი თარგამაძესთან სტუმრობისას განაცხადა. მარინა ენდელაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 5 უარყოფითი პასუხი მიიღეს. ბოლო მონაცემებით კი კორონავირუსი 8 პაციენტმა დაძლია. ამჟამად კორონავირუსით საქართველოში 54 ადამიანს აქვს დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში 3 254, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 233 ადამიანი იმყოფება.
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიებში ხალხმრავალი წირვა-ლოცვა გრძელდება
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რელიგიურ რიტუალებზე 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება არ იზღუდება, არ იცვლება არც ზიარების წესი. თეოლოგებსა და მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიების ურყევი პოზიცია საეკლესიო რიტუალებზე კორონავირუსის გავრცელების რისკს ზრდის. თუმცა სხვა პოზიცია აქვთ სასულიერო პირებს. სამღვდელოებაში აცხადებენ, რომ ისინი მლოცველებს შორის დისტანციის დაცვას ხალხმრავალ დღესასწაულებზეც შეძლებენ. სასულიერო პირების თქმით იმ შემთხვევაში თუ მეოთხეული გადაცემა დაფიქსირდება, საეკლესიო პირები კვლავ შეიკრიბებიან და ეკლესიაში უფრო მკაცრ წესებს დააწესებენ.
გიორგი გახარია აირზენას დირექტორს გამოეხმაურა
"ვფიქრობ, რომ "აირზენას" დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლების ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად და ორგანიზებულად საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების საკითხია.
ოპოზიცია მთავრობის ეკონომიკურ გეგმაზე
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსს ეკონომიკურად სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მთავრობას არ გააჩნია გეგმა, რომლითაც კრიტიკულ დროს იხელმძღვანელებს. ხელისუფლების ოპონენტები ვერ ხედავენ ვერც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებასაც და ამბობენ, რომ ასეთი რეჟიმის გამოცხადებამდე, თავდაპირველად სწორი გეგმა უნდა შეემუშავებინათ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ არჩევნები გაიმართა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვადამდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ადგურ არძინბამ დამარცხება აღიარა და ოპონენტს გამარჯვება მიულოცა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობდა. ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ გამართული დე ფაქტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით ეუთოში საქართველოს მეგობრების თხუთმეტკაციანმა ჯგუფმა დაგმო და მისი ლეგიტიმურობა არ ცნო. მათ რუსეთს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებისკენ და ოკუპირებული რეგიონების ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების უკან წაღებისკენ მოუწოდეს. დე ფაქტო ვადამდელი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში იანვრის მოვლენების შემდეგ დაინიშნა. მაშინ ოპოზიციის მხარდამჭერებმა გასული წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს, რის გამოც რაულ ხაჯიმბა ვითარების განმუხტვის მიზნით იძულებული გახდა გადამდგარიყო.
ანგელა მერკელი კარანტინშია
გერმანიის კანცლერი კარანტინში იმყოფება. ანგელა მერკელმა იზოლაციაში გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მას იმ ექიმთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მერკელმა განაცხადა ადამიანების ქცევა არის ყველაზე ეფექტიანი გზა ინფექციის გავრცელების შესანელებლად. როგორც კანცლერის სპიკერმა განმარტა, 65 წლის მერკელს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგულარულად ჩაუტარებენ ტესტს და ის სახლიდან იმუშავებს. თანამედროვე გერმანიის ისტორიაში ქვეყანაში უმკაცრესი ზომები მოქმედებს. ერთ-ერთი ბოლო რეგულაციით, ქვეყანაში ორი კვირის ვადით ორ ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კოვიდ 19-ით დაღუპულია 94 და დაინფიცირებულია 25 ათასამდე ადამიანი.
გერმანია საჯარო ადგილებში 2-ზე მეტი ადამიანის თავშეყრას კრძალავს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანია საჯარო ადგილებში ორზე მეტი ადამიანის თავშეყრას კრძალავს. ამის შესახებ ჩრდილოეთ რაინ ვესთფალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. კანონი არ შეეხება მათ, ვინც ერთ საცხოვრებელ ადგილას ცხოვრობს.
ამ მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსის თითქმის 24 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 92 - გარდაცვალება.
კორონავირუსი მსოფლიოში
ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ჯერჯერობით ისევ ჩინეთშია დაფიქსირებული (81 093), შემდეგ მოდის იტალია 60 000-მდე შემთხვევით, შემდეგ უკვე ამერიკის შეერთებული შტატები (34 700-ზე მეტი დაინფიცირებული), შემდეგ ესპანეთი (28 000-ზე მეტი პაციენტით), გერმანია ვირუსის 24 000-ზე მეტი შემთხვევით და ასე შემდეგ.
იტალიამ რამდენიმე დღის წინ ჩინეთს გადაასწრო სიკვდილიანობით და ქვეყანაში ოფიციალურად გარდაცვლილია 5 476 ადამიანი, ჩინეთში კი 3270. ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს ჩინეთს და ამ რიცხვმა ქვეყანაში 70 000-ს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჯამურად ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 340 000-ს მიაღწია. სიკვდილიანობის მაჩვენებებელი მსოფლიოს მასტაბით 14 698-მდეა გაზრდილი, ხოლო გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამ მომენტისთვის 99 014-ია.
(ტექსტი აგებულია WORLDOMETERS-ის მონაცემების მიხედვით)
ბრიფინგები და სასამართლო პროცესები
-
დღეს, 12 საათზე Სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგიო ვაშაძე.
-
ასევე დღეს, 14:00 საათზე „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიულ ოფისში ბრიფინგს გამართავს.
-
16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.