მკაცრი კარანტინის მეორე დღე მარნეულსა და ბოლნისში
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ისევ შეზღუდულია მოძრაობა, ჩაკეტილია საზღვრები, დახურულია სავაჭრო ობიექტების ძირითადი ნაწილი; გადაადგილებას შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. მთელი ღამის განმავლობაში მარნეულის შესასვლელთან მკაცრი კონტროლი მიმდინარეობდა.
საპატრულო პოლიცია სატვირთო მანქანებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების გარდა მარნეულისა და ბოლნისის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არავის არ აძლევდა. ღამით მარნეულში შესვლას ითხოვდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, რომელთაც სომხეთში დაბრუნება უნდოდათ. თუმცა, საპატრულო პოლიციამ, სომხეთის მესაზღვრეების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქე ბოლნისის საზღვარზე არ გადაუშვა.
მარნეულსა და ბოლნისში დღეს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. ასევე, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტში მოქალაქეებისთვის ტესტირებების გაკეთებასაც გეგმავენ. მკაცრი კარანტინის მიუხედავად, მოსახლეობა მაინც გადაადგილდება. მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტში საკარანტინო და საველე ზონებია შექმნილი.
მარნეულიდან ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა
კვლავ მძიმეა მარნეულში ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კრიტიკული. ინტენსიური დაკვირვების ქვეშ რჩება მარნეულიდან შემოყვანილი მეორე პაციენტი, რომელსაც კონტაქტი დაავადებულ ქალთან ჰქონდა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 6 ადამიანია, მათგან ხუთის მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 66 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათგან 8 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 3 320 ადამიანი იმყოფებამ, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 237 პაციენტი რჩება
ინფექციურ საავადმყოფოში ვარაუდობენ, რომ ხვალ კლინიკას კიდევ 5 პაციენტი დატოვებს. ამ დროისთვის Covid-19-ის დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში 34 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, 4 პაციენტი ახალ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც ამერიკასთან ჰქონდა შეხება. ამერიკის ჯგუფში საშუალო ასაკის ადამიანები არიან, არის არასრულწლოვანიც. გუშინ გამოვლენილი 7 ახალი ინფიცირებულიდან 3 აჭარაში იმყოფება.
ვითარება საჩხერისა და ქუთაისის კლინიკებში
მარნეულში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც საჩხერე-ჭათურის გზის მშენებლობაზე მუშაობდნენ, საჩხერის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. რამდენიმეს ცხელება აღენიშნება და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, მათ მარნეულში ინფიცირებულ ქალთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონდათ, თუმცა, პრევენციის მიზნით, ისინი მაინც კარანტინში გადაიყვანეს.
ამავდროულად, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს, საშუალო სიმძიმისაა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს. მამაკაცი ესპანეთში მოგზაურობის ისტორიით სამედიცინო დაწესებულებაში 2 დღის წინ შეიყვანეს.
დღეს ელოდებიან 7 პაციენტის ანალიზების პასუხებს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. შვიდიდან ერთის მდგომარეობა შედარებით რთულია - მას მაღალი სიცხე და ორმხრივი პნევმონია აქვს. 1 პაციენტი კი არასრულწლოვანია. როგორც ცნობილია, ქუთაისის ინფექციურში პაციენტების ნაწილი თვითდინებით, ნაწილი კარანტინიდან შევიდა. ყველა მათგანს მოგზაურობა, ან მოგზაურობაში მყოფ პირთან შეხების ისტორია აქვს.
სწრაფი ტესტების მოლოდინში
ჯანდაცვის სამინისტრო დღეს სწრაფ ტესტებს შემოიტანს. კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის ახალი ტესტები ჩინეთიდან და სამხრეთ კორეადან სულ 4 ეტაპად შემოვა. ისინი დაავადებას არა სისხლში, არამედ შესაბამის ბიოლოგიურ მასალაში გამოავლენს. ინფექციონისტების განმარტებით სწრაფი ტესტი ხარჯსა და პასუხის ლოდინის პერიოდს შეამცირებს.
პირველი ეტაპისთვის ხელისუფლება ტესტირებას მარნეულსა და ბოლნისის რაიონებში დაიწყებს. ასევე, სწრაფი ტესტები ჩაუტარდება მედპერსონალსაც, რომლებიც Covid-19-ით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ.
აშშ-ში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები
ამერიკაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. ისინი აშშ-დან საქართველოს მიმართულებით გამოფრენას ვერ ახერხებენ. ამერიკაში საქართველოს საკონსულოში მათ ეუბნებიან, რომ ფრენები, სავარაუდოდ, 2 მაისამდე აღარ შესრულდება.
საქართველოს მოქალაქეებს საკონსულომ ქვეყანაში დასაბრუნებლად ბაქოს ბილეთის შეძენა და ბაქოდან სახმელეთო გზით გამგზავრება შესთავაზა. გაფრენის დღეს კი საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში განუცხადეს, რომ დაბრუნებას ვეღარ შეძლებდნენ. ამერიკაში მყოფი ქართველების განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ისინი ამერიკაში მუშაობას ვეღარ ახერხებენ , რის გამოც ფინანსების გარეშე არიან დარჩენილები.
ფრენები ევროპიდან საქართველოს მიმართულებით
აშშ-დან საქართველოს მიმართულებით ხელისუფლებას ფრენა ჯერჯერობით არ დაუგეგმავს, თუმცა მარტსა და აპრილში რეისები შესრულდება ევროპის ქვეყნებიდან. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან სპეციალური რეისები ბერლინიდან 23 მარტს, ათენიდან 24 მარტს, ვენიდან 26, ამსტერდამიდან კი 31 მარტს შესრულდება. ვარშავიდან საქართველოს მიმართულებით რეისი განხორციელდება 3 აპრილს, ათენიდან 7 აპრილს, ლარნაკადან კი 10 აპრილს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეები კარანტინს გაივლიან.
აჭარა TV-ს დირექტორი VS თანამშრომლები
ირკვევა, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე ქუთაისში, ამ ეტაპისთვის არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. ხარაბაძე ფორმულა ნიუსთან საუბრისას ყვება, რომ მისთვის უცნობია რა ტიპის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სამაუწყებლო კომპანიას ქუთაისიდან.
ჟურნალისტი რეგიონში მის გადასვლას სარედაქციო კოლეგიიდან ჩამოშორებას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ გიორგი კოხრეიძესთვის მისი კრიტიკა ახალ მენეჯმენტთან და სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეებთან დაკავშირებით მიუღებელია. ფორმულა ნიუსი გიორგი კოხრეიძესთან დაკავშორებასაც შეეცადა, თუმცა მან ინტერვიუზე უარი განაცხადა.
გაათავისუფლებენ თუ არა სხვა პოლიტპატიმრებს
ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ბესიკ თამლიანის გათავისუფლების შემდეგ საპატიმროებს სხვა პოლიტპატიმრებიც დატოვებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი შეთანხმების პირობებს სრულად შეასრულებს. ოპოზიციის შეფასებით, თამლიანი მმართველ გუნდს პატიმრობაში უკანონოდ ჰყავდა.
თვითნ ბესიკ თამლიანი ფიქრობს, რომ აღიარება, რომელსაც სთხოვდნენ, ხელისუფლებას თავის გასამართლებლად სჭირდებოდა. ამის შესახებ მან "პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა. სოფო ზურაბიანის გადაცემაში ახლად გათავისუფლებულმა აქტივისტმა 20 ივნისის ღამეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ ღამეს აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული.
მსოფლიო VS Covid-19
დიდი ბრიტანეთი სამი კვირით ჩაიკეტა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიიღო. მიზეზი Covid-19-ის გავრცელებაა. ახალი რეგულაციის თანახმად, ბრიტანელები ვალდებულები არიან კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევების გარდა საცხოვრებელი სახლი არ დატოვონ. დამრღვევს პოლიცია დააჯარიმებს. იკრძალება ნებისმიერი სახის თავყრილობა. აიკრძალა ორზე მეტი ადამიანის შეკრებაც. ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 335 და დაინფიცირდა 6,650 ადამიანი.
დღეიდან აზერბაიჯანში კარანტინის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა. ახალი რეგულაციით, ქვეყნის მასშტაბით 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს 20 აპრილამდე ქუჩაში გასვლა აეკრძალათ.
Covid-19-ის გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა კვიპროსზეც, სადაც დაინფიცირებულია 116 და გარდაცვლილია 1 ადამიანი.
862-ს მიაღწია გარდაცვლილთა რაოდენობამ საფრანგეთში. არანაკლებ რთული ვითარებაა ესპანეთშიც.
პანდემიის გავრცელების ცხელ წერტილად მაინც იტალია რჩება, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 6 ათასს აჭარბებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში პანდემიამ ჩინეთში კიდევ 7, სამხრეთ კორეაში 9, ტაილანდში 3, ავსტრალიაში, მექსიკასა და პარაგვაიში კი 1 ადამიანი იმსხვერპლა.
დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, Covid-19-ით ქვეყანაში სულ 582 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის მიუხედავად შეერთებული შტატების გახსნასა და ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის განახლებას აპირებს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, ამერიკა იმისთვის არ აშენებულა, რომ დაიხუროს.