კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ვაშინგტონიდან
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკელი სენატორის როჯერ ვიკერის მორიგი კრიტიკული წერილი გაასაჯაროვა - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატმა საგანგებო ბრიფინგი 25 იანვარს გამართა. ხსენებული წერილი ამერიკელმა კანონმდებელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას გამოუგზავნა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, კონგრესმენის წერილში საუბარია ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მისივე ინფორმაციით, წერილის ავტორი სენატის წევრი, როჯერ ვიკერია, რომელიც აშში-ის შეიარაღებული ძალებისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრია:„იმ კომიტეტების წევრი, რომელიც განაგებს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების საკითხს. ის ასევე, არის ჰელსინკის კომისიის წევრიც. ეს კომისია არის უმაღლესი ორგანო შშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას სხვა სახელმწიფოებში. რატომ გადამალა ხელისუფლებამ ეს წერილი? სხვა წერილებისგან განსხვავებით, ამ წერილში არის პირდაპირი საუბარი ბიძინა ივანიშვილზე და მის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროებაში და დევნაში”.
დეპუტატის განცხადებით, სენატორი წერილში აღნიშნავს, რომ მისთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ კიდევ არაერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში და აღნიშნავს, რომ ივანიშვილი ციხით ემუქრება პოლიტიკურ ოპონენტებს, მაშინ როდესაც მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ლიდერების, როგორებიც მაგალითად, არიან ნიკა მელია და გიგა ბოკერია. სენატორი აღნიშნავს, რომ საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი ქვეყანა რეგიონში და ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების დამსახურება. მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ივანიშვილის გადაწყვეტილებამ, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხებოდა, და იმან რომ ხელისუფლებამ დაამყარა სრული კონტროლი სასამართლოზე, ფაქტობრივად, ქვეყანა უკან დაწია და შეაჩერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შანსი.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკელი კანოგრესმენებისა და სენატორების კრიტიკის ობიექტი გახდა. მათ საქართველოს ხელისუფლებას არაერთი მწვავე წერილი გამოუგზავნეს.
სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას მოუწოდა, სენატორ, როჯერ ვიკერის მიერ გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროოს. ჯერჯერობით, ამ კონკრეტულ გამოხმაურებაზე საქართველოს მთავრობას განცხადებები არ გაუკეთებია.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები დაიწყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ 25 იანვარს გაავრცელა.
სამინისტროსვე განცხადებით, ეპიდემოლოგების ჯგუფს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებიც შუერთდნენ. ადგილზე მედიკოსები მგზავრებს, როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე, მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.
ახალი კორონავირუსით, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში აღმოაჩინეს, ამ დროისთვის სულ მცირე 41 ადამიანია დაღუპული, ხოლო 1300-მდე ინფიცირებული.