logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 27.03.2020

27 მარ 202011:30
3 წუთის საკითხავი
 
dvum741zk3i2mkj.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 27 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

COVID-19: განახლებადი ცნობები


ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსისგან 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, თუმცა 2 ახალი ინფიცირებული დაემატათ.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირებული 36 პაციენტია - ოთხის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი კრიტიკული.

 

 

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულიდან კლინიკაში კიდევ 2 ახალშობილი შეიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით. კლინიკაში სულ 3 ახალშობილი იმყოფება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ.  ლევან რატიანის თქმით, ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადი.

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამდროისთვის COVID-19-ით ინფიცირებული 15 პაციენტია მოთავსებული.

საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს 25 წლის ორსული ქალი, რომელსაც ვირუსი, სწრაფი ტესტის მეშვეობით, გუშინ დაუდგინდა. მას განსაკუთრებული ჩივილები არ აქვს. ეს საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ 62 და 80 წლის პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები კვლავ სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

 

 

კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში უტარდება. ვირუსი დადასტურებული აქვს ბავშვის ბებია-ბაბუასაც, თუმცა ისინი მკურნალობას სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადიან.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 16 პაციენტია მოთავსებული; ხუთს ახალი კორონავირუსი აქვს, მათგან სამს კი გართულებული პნევმონია აღენიშნება.


საქართველოს მასშტაბით ამ დრომდე ახალი კორონავირუსი 81 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 13 გამოჯანმრთელდა.

 

მკაცრი კარანტინის V დღე


მარნეული და ბოლნისი კვლავ მკაცრ საკარანტინო ზონად რჩება. ტერიტორიაზე მიმოსვლას პოლიციელები და სამხედროები აკონტროლებენ. მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა საველე ჰოსპიტალებში მიმართვიანობა გაზრდილია.

ყარაჯალის მოსახლეობას კორონავირუსის შესახებ აზერბაიჯანულენოვანიმასალები დაურიგდება. 5000-ზე მეტი პოსტერი და ფლაერი გუშინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა კახეთში, სოფელ ყარაჯალაში ჩაიტანა. ლია გიგაურის თქმით, ახალი მასალების ბეჭდვის და გავრცელების პროცესი აქტიურ და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მოსახლეობა ახალი ვირუსის შესახებ ინფორმირებული იყოს.


via GIPHY


თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ გადაყვანილი ხუთივე სამხედრო თავს კარგად გრძნობს. მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი ნიშანი არ აღენიშნებათ. სამხედრო მოსამსახურეების პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ მიიღო.

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მხოლოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალი იზრუნებს.

შეგახსენებთ, რომ 5 სამხედრო მოსამსახურე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს.

 

ვითარება რეგიონებში

 

ვენიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი  156 საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ საღამოს სასტუმრო Holiday Inn-ში გაანაწილეს, 2-კვირიანი კარანტინის პერიოდს გაივლის. სასტუმროს წარმომადგენლის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან 14 დღის შემდეგ სხვა მოქალაქეებიც მიიღონ.

კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 1 შემთხვევა ქუთაისში - კოვიდ-19 ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან დაბრუნებულ პირს გამოუვლინდა, რომელიც საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში ამბობენ, რომ ინფიცირებულს კონტაქტი ადამიანების მცირე ნაწილთან ჰქონდა, რომელთა შესწავლა რთული არ იქნება.


via GIPHY

 

 

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სიას კიდევ 1 პაციენტი შეემატა, რომელიც საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და ის თვითიზოლაციაში გადავიდა. ეს ადამიანი იყო პირველი, ვისაც საჩხერეში ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამ დროისთვის საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ საღამოს მაღალი ტემპერატურით 84 წლის ქალი მოათავსეს. ის რუსეთიდან 13 მარტს დაბრუნდა. კორონავირუსის სიმპტომებიდან პაციენტს მხოლოდ ცხელება აღენიშნება. ვირუსის დასადგენად აღებული ანალიზი საბოლოო პასუხისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

 

საზღვარგარეთ ჩარჩენილები


გერმანიაში დარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ. სტუდენტების 40-კაციანი ჯგუფი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ფორმულას ინფორმაციით, ზოგი მათგანი კარდონის სახლში ცხოვრობს, ზოგს კი ცხოვრება მოუწესრიგებელ ჰოსტელში უწევს. როდის შეძლებენ ისინი ქვეყანაში დაბრუნებას, უცნობია.


via GIPHY


დახამრებას ითხოვენ ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებიც. მათი რეისი 21 მარტს იყო დანიშნული, თუმცა გამოფრენამდე ორი დღით ადრე ფრენა გაუქმდა. ერთ-ერთი მათგანი საბა საფარელი, ფორმულა ნიუსთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მიმართულებით უკვე მეორე სპეციალური რეისი დაინიშნა, თუმცა ახალგაზრდები ვერც ერთ მათგანში მოხვდნენ.


500 000 ინფიცირებული 


მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. გლობალურად ვირუსს უკვე 24 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ჩინეთს გადაასწრო. აშშ-ში ახალი კორონავირუსი 85 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც დაიღუპა 1300 ადამიანი.

კვლავ მძიმეა ვითარება იტალიაში, სადაც 80 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებულია. გასული დღის განმავლობაში ვირუსს 712 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე 8 ათასს აჭარბებს.

 

via GIPHY


4 365-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ესპანეთში. ადგილობრივი ექიმების განცხადებით, ისინი  ეპიდემიის გამწვავებას უახლოეს დღეებში ელოდებიან. ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსი 56 ათასი დადასტურებული შემთხვევაა.

გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა საფრანგეთში, სადაც ვირუსის შედეგად გამოწვეული გართულებებით დღის განმავლობაში 365 ადამიანი დაიღუპა.

კოვიდ-19 დაუდგინდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს. ბოლო მონაცმებით, რუსეთში 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო დაღუპულია 3 ადამიანი.


$5 ტრილიონი VS ახალი კორონავირუსი


დიდი ოცეულის ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გლობალურ ეკონომიკაში 5 ტრილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირების პირობა დადეს. საგანგებო ვიდეოკონფერენციის დასრულების შეწმდეგ, წევრმა ქვეყნებმა ერთბლივი კომუნიკე გამოაქვეყნეს, სადაც ხაზგასმულია კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი ფრონტის შექმნის აუცილებლობა.

 


დოკუმენტში, ასევე წერია, რომ დიდი ოცეულის წევრი ქვეყნები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და რეგიონულ ბანკებთან თანამშრომლობით, განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად, ფინანსური დახმარების პაკეტს შექმნიან.

 

ევროკავშირის დახმარება


ევროკავშირში დაზარალებული ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების ზომებზე შეთანხმდნენ. წევრი ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ 2 კვირის განმავლობაში შეიმუშავებენ ეკონომიკური დახმარების ღონისძიებების პაკეტს ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ეპიდემიით.

შეთანხმება ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარებულ სამიტზე შედგა. შედეგები კი ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელებმა ბრიფინგებზე გაასაჯაროვეს. შეთანხმების თანახმად, გადაუდებელი ზომების პაკეტის შემუშავება ევროპული სახელმწიფოების და მთავრობების ხელმძღვანელებმა 2 კვირაში უნდა შეძლონ.


close დახურვა