ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 27 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
გიორგი გახარია პარლამენტში
საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის მართვის შესახებ ანგარიშს წარადგენს. მთავრობის მეთაური პარლამენტში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს.
„ევროპული საქართველო” პრემიერ მინისტრს გადასახადების დაწევის რეკომენდაციებს შესთავაზებს, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი გახარიას მის ინიციატივას გააცნობს, რომელიც პენსიონერებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის დაწესებული ბაჟის გადასახადის მოხსნას ითვალისწინებს.
ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში
შესაძლოა პარლამენტში ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ წევრებს ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება აღარ მიეცეთ. ცვლილებები რომელიც რეგლამენტში იგეგმება ვიცე სპიკერთა რაოდენობის სამამდე ხოლო კომიტეტების 13 მდე შემცირებას ითვალისწინებს.კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არიან.
ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე მსგავსი სახის ცვლილებები მისაღებია და ხარჯების შემცირება ყველა სამთავრობო უწყებაში უნდა მოხდეს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ცვლილებები წინაასარჩევნოდ იგეგმება და რეგლამენტის შეცვლით მმართველ გუნდს პოზიციების გამყარება სურს.
რურუას საქმე
გიორგი რურუას საქმეზე დღეს 2 მოწმეს დაკითხავენ, მათ შორისაა ის გამომძიებელი რომელიც ჩხრეკაში და დაკავების ოქმის შედგენაში მონაწილეობდა. დაცვის მხარე არც დღევანდელ პროცესზე აპირებს აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობის დაყენებას, თუმცა როგორც რურუას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, თუ დაკითხვის შემდეგ ამის აუცილებლობა გაჩნდება, საკითხს აუცილებლად დააყენებს.
ცვლილებები მაღაზიებში
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარკვეულ მაღაზიებში გასახდელები დროებით უქმდება. ცვლილებები პანდემიის დროს უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება. როგორც კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი, რეზო მაღალაშვილი ამბობს გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე მიიღეს.
სპეცრეისი ინდოეთიდან
ინდოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დღეს სამშობლოში ბრუნდებიან. დელი-თბილისი-დელის ავიარეისით საქართველოში ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეებიც ჩამოვლენ. დაბრუნების მსურველები გოას, რაჯასტანისა და მაჰარაშტრას შტატებიდან საელჩოს მიერ დაქირავებული ტრანსპორტით დელში გადაიყვანეს. სავიზო პრობლემების მოგვარებაში საქართველოს მოქალაქეებს ინდოეთის საელჩო დაეხმარა.
რუსეთის მოთხოვნა და ბრალდება საქართველოს
ოფიციალური მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას ითხოვს და ბიოლოგიურ საფრთხეზე მიანიშნებს. რუსეთის დიპლომატიური უწყება განცხადებაში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციასაც ახსენებს და აცხადებს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ვაშინგტონი მოსკოვს ლუგარის ცენტრის ორმაგი დანიშნულების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის. ლავროვის უწყებაში განმარტავენ, რომ მათ ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში, მათ შორის იმ დანაყოფშიც სურთ შესვლა, რომელსაც ამერიკელი სპეციალისტები იკავებენ.
რუსეთმა საქართველო „ღია ცის” ხელშეკრულების დარღვევაშიც დაადანაშაულა. ლავროვის უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის 10-კილომეტრიან ზონაში სადამკვირვებლო ფრენებზე მოსკოვის უარი თბილისის „დესტრუქციულმა პოზიციამ" განაპირობა. შეთანხმების ფარგლებში მოსკოვი მზადყოფნას გამოთქვამს, კავკასიის საზღვრის გასწვრივ, 10-კილომეტრიან ზონებში, სადამკვირვებლო მისია იმ შემთხვევაში დაუშვას, თუ საქართველო რუსეთს თავის ტერიტორიაზე ფრენის ნებართვას მისცემს.
COVID-19 საქართველოში
732 ინფიცირებული, მათგან 537 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.
ამ დროისთვის სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 300 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3076 პირი.
COVID-19 მსოფლიოში
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2.4 მილიონს გადააჭარბა. ვირუსი ოფიციალურად დადასტურებული აქვს 5.6 მილიონზე მეტ ადამიანს. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 352 ათასს აღემატება. ამ დროისთვის, 53 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
COVID-19-ის შედეგად დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გუშინ ბრაზილიაში დაფიქსირდა. გასული დღის განმავლობაში ვირუსს აქ 1027 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრად სწორედ ლათინო ამერიკის ქვეყნები სახელდება. ბრაზილიასთან ერთად რთული ეპიდვითარებაა ეკვადორსა და პერუში, სადაც მილიონ მოსახლეზე დაღუპულთა რიცხვი 100-ს აღემატება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ორთვიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟა გაიხსნა. ქვეყანა ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. უკვე რამდენიმე დღეა 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა ათასს აღარ აჭარბებს.
ტრამპი VS Twitter
პირველად ტვიტერის ისტორიაში, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში არსებული ინფორმაციის გადამოწმება მკითხველს სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ურჩია. ფაქტების გადამოწმების აღმნიშვნელი ღილაკი შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმ ტვიტზე გამოჩნდა, რომელშიც დონალდ ტრამპი საარჩევნო ბიულეტენების გაყალბებაზე საუბრობდა. ტრამპი ტვიტში წერდა, რომ ამომრჩეველს ელექტრონული ფოსტით ხმის მიცემის საშუალება არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ეს ხმების ფალსიფიცირებას გამოიწვევდა.
სოციალური ქსელის ქმედებას მალევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და ტვიტერი არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში დაადანაშაულა. ტრამპის მტკიცებით, Twitter-მა მისი მოსაზრების საფუძვლიანობაში ეჭვი „CNN-ის”, „ვაშინგტონ პოსტისა“ და სხვა „ფეიკ-წყაროების” გავლენით შეიტანა.
ონლაინ კინოფესტივალი
COVID-19-ის გამო არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გაუქმებისა თუ გადავადების შემდეგ კინომოყვარულებს ფილმების 10-დღიანი ონლაინ ფესტივალი ელით. „WE ARE ONE" ასე ჰქვია კინოფესტივალს, რომლის ხილვაც პირდაპირ „იუთუბიდან" იქნება შესაძლებელი.
ვიდეოპლათფორმაზე დაგეგმილი ონლაინ ჩვენების განმავლობაში კინომოყვარულები კლასიკურ ფილმებს, რეჟისორებთან ინტერვიუებსა და პრემიერებსაც იხილავენ. საერთაშორისო ფილმის ფესტივალი სტარტს პარასკევს აიღებს და 10-დღის განმავლობაში 35 ქვეყნიდან, 100 ფილმს აჩვენებენ.