ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საკრებულოების შუალედური არჩევნები
დღეს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც, საერთო ჯამში, 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო არჩევნებში 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლულია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას აპირებს, რომელიც სავარაუდოდ აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის ლიკვიდირებას შეეხება სირიაში.
ამერიკელმა სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს. Newsweek-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემას სპეცოპერაციის დეტალებზე წვდომის მქონე ამერიკელმა სამხედრომ განუცხადა.
დასავლური მედიასაშუალებები სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ამერიკელი სპეცდანიშნულების ძალების მიერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში განხორციელდა.
დონალდ ტრამპმა წუხელ Twitter-ზე დაწერა, რომ "მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ", მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას გულიხსმობდა.
არჩევნები არგენტინაში
არგენტინელები, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ოთხი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონერმა ბიზნესმენმა მაურიციო მაკრიმ გაიმარჯვა. კონსერვატორი მაკრი წელსაც მონაწილეობს არჩევნებში სხვა ხუთ კანდიდატთან ერთად. წინასწარი გამოკითხვებით წარმატების შანსი ექვსიდან ორ კანდიდატს აქვს - ალბერტო ფერნანდეზი 54%-ით ლიდერობს, მოქმედ პრეზიდენტს კი 31%-ს უწინასწარმეტყველებენ.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პერფორმანსი
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, გარდაბანში დღეს დაგეგმილი ველოტურითა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით, მოძრაობა „სალამ“ დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადებს მხარდაჭერას მასწავლებელ ჰამიდს, რომელმაც თავისი მოსწავლის ნაადრევი ქორწინება საჯაროდ გააპროტესტა, რის გამოც სოფლის უხუცესებმა შეურაცხყვეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ:
“Ჰამიდის მხარდაჭერის გარდა, ჩვენი მიზანია ჯანსაღ ცხოვრებაზე საუბარი და მწვანე აქტივიზმი. არ გვინდა, მოსახლეობას ეგონოს, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები მხოლოდ ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ინტეგრაციაზე ღელავდნენ. გვინდა საზოგადოებას დავანახოთ, რომ ჩვენს შორის არის ბევრი „მწვანე“ და ჩვენ ვზრუნავთ ეკოლოგიაზეც. ტურის კიდევ ერთი მიზანია პირველი არჩეული აზერბაიჯანელი ქალი დეპუტატის ფერიხანუმ სოფიევას სახლ-მუზეუმის პოპულარიზება, რომელიც გარდაბანში მდებარეობს.”
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პლატფორმა „სალამ“ მათივე საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ და ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობის მიმართ შექმილი წარმოდგენების შესაცვლელად შეიქმნა.
გოგა ბითაძის დებიუტი NBA-ში
დღეს, გამთენიისას, გოგა ბითაძემ NBA-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრის „ინდიანა“ სტუმრად „კლივლენდსთან“ დამარცხდა, ანგარიშით - 110:99. გოგამ პარკეტზე 4 წუთი გაატარა; მან 2 ქულა მოიპოვა და ერთხელ მოხსნა ბურთი. მომდევნო მატჩს 20 წლის ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „დეტროიტის“ წინააღმდეგ, 29 ოქტომბერს გამართავს.