მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება
ევროპული საქართველო მეუფე იაკობს მის სკანდალურ გაცხადებაზე სასაუბროდ პარლამენტში იწვევს. უცნობია, მივა თუ არა პარლამენტში სასულიერო პირი და მოუყვება თუ არა დეპუტატებს იმ სკანდალური ფაქტების შესახებ, რომელიც პატრიარქის ჩამოშორების ოპერაციას ეხება.
მეუფე იაკობმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით პრემიერის კაბინეტში პატრიარქის ჩამოშორება. მისივე თქმით, შეხვედრას გახარია, გომელაური და სხვა მეუფეები ესწრებოდნენ.
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე
ხელოვნების სასახლეში დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო მასალა გამოიფინება, რაც ფართო საზოგადოებას ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ისტორიას გააცნობს. გამოფენა ხელოვნების სასახლეში 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე
აღნიშნული ტურნირის 1/32 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე, წყვილებში თავისი ყოფილი პარტნიორი, რადუ ალბოტი იქნება. ალბოტის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილს მეორე წრეში ლეგენდარულ როჯერ ფედერერთან შეხვედრა ელოდება, რომელიც პირველ წრეში თამაშისგან თავისუფალია.
ბასილაშვილი მოლდოველს, ცოტა ხნის წინ, შანხაის ტურნირზე შეხვდა და სამ სეტში 4:1, 6:1 6:3 დაამარცხა. ბასილაშვილი და ალბოტი აქამდე 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივე შემთხვევაში ქართველმა ჩოგბურთელმა იმარჯვა.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი
დღეს ველოდებით მსოფლიო ბანკის მისიას, რომელიც რეკომენდაციებით დაგვეხმარება ინტერნეტიზაციის პროექტის სწორად ორგანიზებაში, – ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის განხორციელებაში "ფონდი ქართუც" მიიღებს მონაწილეობას.
შვეიცარიის საელჩოს ახალი შენობა
შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე, მარინა კარობიო გუშეტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დღეს თბილისში შვეიცარიის საელჩოს ახალ შენობას გახსნიან. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარტნიორები და საქართველოში მცხოვრები შვეიცარიის მოქალაქეები დაესწრებიან.
ელექტრონული სამაჯური დამნაშავეებისთვის
კანონპროექტი, ელექტრონული სამაჯურების შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სავარაუდოდ, დღეს დამტკიცდება. ელექტრონული ზედამხედველობის მიზანი მსხვერპლის დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირებაა. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პასუხისმგებლობა პოლიციას ეკისრება,საჭიროება შეიძლება დადგეს ნებისმიერ დროს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სასამართლო იღებს. კანონპროექტის მომზადებაში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შინაგან სამინისტროსთან ერთად სახალხო დამცველის აპარატიც იყო ჩართული.