logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 28.12.2019

28 დეკ 201909:52
3 წუთის საკითხავი
 
2f97natn1p95cdh.jpeg

რომის პაპის სახელმწიფო მდივანი საქართველოში

პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი თბილისში დღეს ჩამოფრინდება და საქართველოში 30 დეკემბრამდე საქმიან შეხვედრებს გამართავს. პიეტრო პაროლინი თბილისის საკრებულოში შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და ეროვნული თუ რეგიონული გამოწვევები. კარდინალი პიეტრო პაროლინი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს გორის მიტროპოლიტ ანდრეასთან და შერიგების/სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად. კარდინალი ასევე ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირების დასახლებას წეროვანში და შეხვდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.

 

აქცია-პერფორმანსი ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, ორბელიანის მოედნისა და ბარათაშვილის გამზირის გადაკვეთაზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის ინიციატივით, ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის ობოექტური და დროული გამოძიების, ასევე, მაღალჩინოსანთა დაკავების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართება.

 

საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში

დღეს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც ხვალაც გაგრძელდება. დღეს 60, 66 და 73 კგ. წონით კატეგორიებში მოასპარეზე ძიუდოისტები შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ხოლო ხვალ - 81, 90, 100 და +100 კგ. წონის მოჭიდავეები გამოვლენ ძიუდოს აკადემიაში. შეხვედრები ორივე დღეს 10:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკები 17:00 საათზე გაიმართება.

 

ძლიერი თოვა და ქარბუქი - საქართველოში ამინდი უარესდება

დღეს საქართველოს მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია გაძლიერდეს ქარი და 3-4-ბალიანი ღელვა. ძლიერმა ნალექებმა მთიან ზონებში, შესაძლოა, გამოიწვიოს ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.


close დახურვა