რომის პაპის სახელმწიფო მდივანი ილია II-ს შეხვდება
დღეს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა კარდინალი პიეტრო პაროლინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მესვეურებს შეხვდება, რაც, მხარეების თქმით, კათოლიკურ და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების კიდევ ერთი გამოხატულება იქნება. მანამდე, კარდინალი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს ეწვევა, სადაც კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა საქართველოში 25 წელზე მეტხნიანი საქველმოქმედო საქმიანობა განიხილოს. კარდინალი ასევე საქართველოში არსებული მისი სამივე - სომხური, ასირიულ-ქალდეური და ლათინური წესის წარმომადგენლებს შეხვდება.
ცხოვრლების გამოფენა თბილისში
დღეს, თბილისი მოლის II სართულზე, ცხოველების გამოფენა გაიმართება, რომელიც 14:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, დამდეგი 2020 ახალი წელი ვირთხის წელია. სწორედ ამის აღსანიშნავად, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, ცხოველების გამოფენა ტარდება. მათი ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავს დამთვალიერებლებისთვის სხვადასხვა სახის ცხოველების გაცნობას, ვეტერინარიის პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველების კეთილდღეობის და მოვლა-პატრონობის შესახებ, რაც ამ ბოლო პერიოდის მანძილზე ჩვენს საზოგადოებაში აქტუალური საკითხია. გამოფენაზე გამოიყვანენ სხვადასხვა სახის ცხოველებს, მათ შორის: ზაზუნებს; ზღვის გოჭებილს; კურდღლებს; მაიმუნებს; ლეკვებს და ა.შ.
წიგნის ფესტივალის დასკვნითი დღე თბილისში
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 დღეს დასრულდება. ღონისძიებაზე, რომელიც 27 დეკემბერს გაიხსნა, დღესაც წარმოდგენილი იქნებიან ქართველი გამომცემლები. წიგნის მოყვარულებს კვლავ 11:00-დან 20:00 საათამდე შეეძლებათ განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ აქტუალურ თემებზე საჯარო ლექციები. საახალწლო ფესტივალი პატარებსაც უამრავ ლიტერატურულ თამაშსა და გასართობ შოუ-პროგრამას სთავაზობს. ეს ფესტივალი უკვე მე-6 წელია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში
თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, საქართველოს ჩემპიონატის გრძელდება. გუშინ ტატამზე 60, 66 და 73 კგ. წონით კატეგორიებში ძიუდოისტებმა იასპარეზეს, ხოლო დღეს - 81, 90, 100 და +100 კგ. წონის მოჭიდავეები შეხვდებიან ერთმანეთს. პირველი ბლოკი დღესაც 10:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება.
მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი დღესაც გაგრძელდება
საქართველოს მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი დღესაც მოსალოდნელია. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე კვლავ ძლიერი ქარი და 3-4-ბალიანი ღელვაა მოსაოდნელი. რაც შეეხება მაღალმთიან ზონებს, ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა უფრო მეტად გამოიწვიოს ზვავების ფორმირება და მეწყერული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.