logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 30.04.2020

30 აპრ 202010:47
3 წუთის საკითხავი
 
o6g0dthuw9pgytr.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 30 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

COVID-19 საქართველოში

539 ინფიცირებული, მათგან 178 გამოჯანმრთელებული და 6 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

via GIPHY

საქართველოში მიზნობრივი ტესტირების არეალი  გაიზარდა. ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება ყველას, ვინც სხვადასხვა კლინიკას ფილტვების ანთებითა და ცხელებით მიმართავს. როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ქვეყანაში კოვიდინფექციაზე გატესტილი ადამიანების რაოდენობა მალე გერმანიის სტატისტიკას გაუტოლდება. 

 

სპეცრეისი მადრიდიდან

დღეს მორიგი სპეცრეისი ამჯერად მადრიდიდან შესრულდება, რომლითაც საქართველოს 180 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება. რეისს მთავრობის განკარგულებით კვლავ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევრო იქნება. ჩამოსვლისთანავე მგზავრებს იზოლაციაში მოათავსებენ.

via GIPHY

 

სპეცრეისები სხვა ქალაქებიდან:

  • 2 მაისი: პრაღა-თბილისი;

  • 5 მაისი: ათენი-თბილისი;

  • 7 მაისი: ამსტერდამი-თბილისი;

  • 9 მაისი: ბერლინი-თბილისი;

 

საქართველოს ეკონომიკური მომავალი

რა ელის ქვეყნის ეკონომიკას კორონავირუსის გადავლის შემდეგ - PMC კვლევითი ცენტრი ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელშიც ოპტიმისტურ, ნაკლებად პესიმისტურ და ძალიან პესიმისტურ სცენარებს აღწერს. საუკეთესო შემთხვევაში ორგანიზაცია 2020 წელს ქვეყნის რეალური ეკონომიკის 4%-ით, უარეს შემთხვევაში კი 12%-ით შემცირებას ვარაუდობს. გათვლები ეკონომიკის ე.წ. გახსნაზეა დამოკიდებული. 

ორგანიზაციის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის კრიზისი ახალ შესაძლებლობებსაც აჩენს, თუმცა ეს მთავრობისგან უფრო მეტი ზომების მიღებას მოითხოვს, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კრიზისი მალე დაიძლევა, თუ ხელისუფლება სწორ ეკონომიკურ პროგრამას შეიმუშავებს. 

 

„ანას ბაღის" ბედი

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC "ანას ბაღთან" 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე სააპელაციო სასამართლოს ნებართვას ეხმაურება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მშენებლობის ზეგავლენა საკმარისად გამოკვლეული არ არის. იურისტებს მიაჩნიათ, რომ ამ საკითხზე ადგილობრივების აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს. 

ორგანიზაციამ საქმე სამართლებრივადაც შეისწავლა და დაასკვნა, რომ სამშენებლო ნებართვა კანონმდებლობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.უკვე 3 წელია აქტივისტები და ადგილობრივი მცხოვრებლები ბაღს მაღალსართულიანი  მშენებლობისგან იცავენ, გუშინ კი სააპელაციო სასამართლომ კომპანიას სამშენებლო სამუშაოების განახლების ნება დართო.  

 

კორონავირუსი კულტურაში

სახელმწიფო დახმარების მიღმა დარჩნენ მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, პროდიუსერები, ფოტოგრაფები და რეჟისორები. კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს ხელისუფლებამ მარტო დატოვა. სფერო დაზარალების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას და დახმარებას ითხოვს. 

სფეროს წარმომადგენლები სპეციალური პეტიციით მთავრობის, მერიის, განათლების მეცნიერების და კულტურის სამინისტროსგან ანტიკრიზისული ხედვის შემუშავებას ითხოვენ. ადრესატებს ათასობით შემოქმედისთვის პასუხი ამ დრომდე არ გაუცია. ხელმომწერები უწყებებს კულტურის სფეროსთვის კონკრეტული კრიზისული და პოსტ-კრიზისული ხედვის, სამოქმედო გეგმის სწრაფად შემუშავებისკენ მოუწოდებენ.

 

COVID-19 მსოფლიოში

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით განკურნებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ინფექცია უკვე დაუდასტურდა 3,2 მილიონზე მეტ ადამიანს. ვირუსის დამარცხება ვერ შეძლო 228 ათასზე მეტმა პაციენტმა. ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებული 60 ათასამდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

უცვლელად რთული ეპიდსიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ ბოლო 24 საათში COVID-19-ს 2 390 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რიცხვმა უკვე 61 ათასს გადააჭარბა. შტატებში გუშინ ინფექცია კიდევ 28 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რითიც სერთო რიცხვმა 1 მილიონ 64 ათასს გადააჭარბა. COVID-19-ის პანდემიის გამო პრეზიდენტს ვაშინგტონი უკვე რამდენიმე კვირაა არ დაუტოვებია. მისი თქმით, მომავალი კვირიდან ქვეყნის შიგნით ვიზიტებს განაახლებს და პირველი არიზონას ეწვევა. დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მალე მასობრივი ღონისძიებების გამართვას შეძლებს. 

via GIPHY

ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალიის შემდეგ მეორე ადგილს უკვე დიდი ბრიტანეთი იკავებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 795 ადამიანი გარდაიცვალა, რითიც ლეტალურად დასრულებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 26 ათასს გადააჭარბა. გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა ჯამური რიცხვი 165 ათასზე მეტია.

ქვეყანაში პანდემიის პიკმა გადაიარა - ეს განცხადება თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, მაისის ბოლომდე ინფიცირებულთა შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა შემზღუდავი ზომები კვლავ ძალაში დარჩება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში COVID-19-ით 89 ადამიანის სიცოცხლე დასრულდა ლეტალურად, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობამ მთლიანობაში 3 ათასს გადააჭარბა.

 

ფაუჩის განცხადება

კომპანია „გილიადის" ახალი კორონავირუსის ვაქცინის ადრეული გამოკვლევის შედეგები მნიშვნელოვან დადებით ეფექტს აჩვენებს. განცხადება თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, ენტონი ფაუჩიმ გააკეთა. შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თქმით, წამალმა შესაძლოა ვირუსს ბოლო მოუღოს, თუმცა ჯერ კიდევ კვლევებია საჭირო. 

COVID-19-თან ბრძოლის დამტკიცებული სამკურნალო საშუალება ან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ეფექტიანი ვაქცინის მოლოდინში მსოფლიო მედიცინამ ვირუსის თავიდან ასაცილებლად არაერთ საშუალებას მიმართა. ფაუჩის განცხადება დონალდ ტრამპმა მოიწონა და განმარტა, რომ ეს კარგი დასაწყისია. 



close დახურვა