logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 5.12.2019

05 დეკ 201911:52
3 წუთის საკითხავი
 
jpwhg14u8suszbn.jpg

 უგულავასა და გოგოხიას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმეზე პროცესი გაიმართება.

ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება.

 

სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე

მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც არსებულ ხარვეზებს შეისწავლის. შეთანხმება კლინიკის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრ გახარიასა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის შედგა.

 

520-ე დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში კარდიოლოგიურ და რეანიმაციულ მომსახურებაზე ფასების გათანაბრებას გულისხმობს, რამაც კერძო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.

 

 

ბრიფინგები და განცხადებები

იურისტების ჯგუფი (ბექა ბასილაია, გიორგი ჟამუტაშვილი და სხვები) რომელიც პოლიციელებისგან უფლებების გადამეტების ფაქტებს სწავლობენ, ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან ბრიფინგს გამართავს.

„გირჩის“თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, შერეულ საარჩევნო სისტემაზე, ოპოზიციის ახალ კანონპროექტზე განცხადებას გააკეთებს. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა.

ხვიჩია ასევე ისაუბრებს, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე, აქციებსა და კონტრაქციებზე - არის თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

ამავე თემაზე, „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი განცხადებას გააკეთებს. ის ასევე ისაუბრებს, ოპოზიციური ფორმატის დატოვებასა და პოლიტიკურ გეგმებზე.

 

მასშტაბური გაფიცვა საფრანგეთში

საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგოდ, ადგილობრივი პროფკავშირი ჩქაროსნული მატარებლის რეისების 90%-ს გააუქმებს. კომპანია Eurostar-ის სარკინიგზო ექსპრესის რეისების 50% და კომპანია Thalys-ის რეისების 30% გაუქმდება. დაიხურება მეტროს 11 ხაზი, სხვა მიმართულებებით მოძრაობა კი შეიზღუდება. 6 დეკემბრიდან შეფერხებით იმუშავებენ ავტობუსები, ტრამვაი და მეტროც. გაფიცვის გამო ავიარეისების 20% გაუქმდება. ავიაკომპანია Air France შიდა რეისების 70%-ს და საშუალო სიშორის რეისების 85%-ს შეასრულებს.

 

 

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა  „შევარდენზე“, 11 საათზე დაიწყება.

სერიის პირველ მატჩში, რომელიც „შევარდენზე“ 2 დეკემბერს გაიმართა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს პირველი ტაიმის მიწურულს ორი ლელო გაუტანეს და 18:14 დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ სტუმრებმა 28:21 იმარჯვეს.

 

კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია

8-თვიანი სამუშაოების შემდეგ, კახეთის გზატკეცილზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულდეს. აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა. თბილისის მერის განმარტებით, მხოლოდ განათების ბოძების მონტაჟია დარჩენილი, რაც შუაგამყოფი ზოლის მოწესრიგებას უკავშირდება. კახეთის გზატკეცილის რებილიტაცია 2019 წლის 3 აპრილს დაიწყო და მისი დასრულება 7 თვის განმავლობაში, 3 ნოემბერს იგეგმებოდა, თუმცა ვადამ გადაიწია. პროექტის ღირებულება 42 937 537ლარია, ხოლო სამუშაოებს კომპანია „ჯეო გრუპი“ ასრულებს.


close დახურვა