ამერიკის შეერთებული შტატების 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონში, შესაძლოა, შესწორებები შევიდეს. პროექტში გიორგი რურუა სახელობითად არის ნახსენები. ცვლილებების ავტორი რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს რიშია, რომელიც აქტიურად მოუწოდებდა პოლიტიკურ ძალებს 8 მარტის შეთანხმების შესრულების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ.
სენატში დოკუმენტის მიღების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და მასში კონგრესის ზედა პალატის განწყობა გამოხატული საქართველოში დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. დოკუმენტში ნახსენებია გიორგი რურუაც და ნათქვამია, რომ შეთანხმების მიუხედავად ის ისევ დაკავებულია.
„15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, აღნიშნა, რომ ვერ დაუშვებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება ამის გამო არ შესრულდეს, შეთანხმების მიუხედავად გიორგი რურუა წინასწარ პატიმრობაში რჩება“,-ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ შეერთებული შტატებისგან 4 მილიარდზე მეტი დახმარება მიიღო და აქედან 732 მილიონი მხოლოდ თავდაცვის სფეროს მოხმარდა. საუბარია ასევე რუსულ ოკუპაციაზე, აღნიშნულია გავრილოვის საქართველოში ვიზიტი და ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ძალადობა იმ დემონსტრციის მიმართ, რომელიც გავრილოვის ჩამოსვლა მოყვა.
დოკუმენტში ასევე საუბარია აქციაზე დაკავებულებზე, დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების სენატი იწონებს საქართველოს რეფორმებს, მათ შორის ანტიკორუფციულს და ეკონომიკურს. სენატი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა და პრესის თავისუფლება. დოკუმენტში ოქტომბერში მომავალ არჩევნებზეც იყო საუბარი, სენატის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არჩევნების სამართლიანად, თავისუფლად და მშვიდობიანად ჩატარება მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.
მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.