კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში ერთ დღეში 60 ათასით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. განსაკუთრებით მოიმატა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა კალიფორნიასა და ტეხასში. 20-ზე მეტ შტატში ბიზნესის გახსნის პროცესი დაპაუზდა, დონალდ ტრამპი კი კოლეჯებში შემოდგომით სასწავლო პროცესის განახლებას მოითხოვს. მაგრამ არა ყველა სტუდენტისთვის. იმ შემთხვევაში თუ სწავლება ონლაინ რეჟიმში დაიწყება, უცხოელ სტუდენტებს ქვეყნის დატოვება მოუწევთ, რადგან მათ ვიზებს აღარ მისცემენ. კიდევ ერთი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკავშირდება. პრეზიდენტმა ოფიციალურად აცნობა გაეროს და კონგრესს, რომ შეერთებული შტატები ჯანმოს რიგებს ტოვებს.
თავად ორგანიზაციაში კი კორონავირუსის ჰაერის გზით გავრცელების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. მას შემდეგ რაც 200-მა წამყვანმა სპეციალისტმა ჯანმო გააკრიტიკა და კოვიდ 19 ის გადაცემის ამ ფორმაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა, ორგანიზაციაში შესაბამისი მტკიცებულებებიც აღმოაჩინეს.
საუბარია ჰაერში არსებულ მცირე ნაწილაკებზე, რომლითაც შესაძლოა კორონავირუსი ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეებში გავრცელდეს. მანამდე მხოლოდ ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის ფორმაზე კეთდებოდა აქცენტი. იმ შემთხვევაში თუ გარეთ გავრცელების ფაქტი დადასტურდა, რადიკალურად შეიცვლება რეკომენდაციებიც.
დღეს გერმანიის კანცლერმა კარანტინის დასრულების შემდეგ ქვეყანა პირველად და ბრიუსელში შეხვედრები გამართა. საუბრის მთავარი თემა პანდემიასთან ბრძოლა და მის შედეგად გამოწვეული კრიზისის დაძლევა იყო.
სერბეთის დედაქალაქი კი ასე გამოიყურება. პრეზიდენტმა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო ქვეყანაში სრული კარანტინის არ გამოაცხადა, მაგრამ კვირის ბოლო დღეებში კომენდანტის საათი შემოიღო, რასაც მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაშიც კი შეაღწიეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.
ბრაზილიის პრეზიდენტი იმ ლიდერების სიას შეუერთდა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ჟაირ ბოლსონარომ ინტერნეტში ვიდეოც გაავრცელა, როგორ იღებს ის სხვადასხვა ანტიბიოტიკს სადაო პრეპარატ პლაქვენილთან ერთად. მას შემდეგ რაც ინფექცია პრეზიდენტს დაუდგინდა, ტესტი ბრაზილიის მთავრობის წევრებმაც ჩაიტარეს და პასუხის მოლოდინში არიან.
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საკარანტინე ზომები ხელმეორედ ამოქმედდა მელბურნში. ჩაიკეტა ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსს შორის საზღვარი. ირანში კი ლოქდაუნის შემსუბუქების ახალ ეტაპზე გადავიდნენ, თუმცა ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა, რადგან ქვეყანაში ბოლო დღეებში ვირუსის შემთხვევებმა რეკორდულად მოიმატა. ერთ დღეში ირანში ვირუსმა 200 ადამიანი იმსხვერპლა.