ამერიკულ-გერმანული კომპანიების „პფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ მიერ შექმნილი ვაქცინის გამოცდა შეერთებულ შტატებშიც დაიწყო. გერმანიის შემდეგ ახალი პრეპარატის კლინიკური ექსპერიმენტი ორ ლოკაციაზე - ნიუ-იორკისა და მერილენდის უნივერსიტეტებში მიმდინარეობს.
პროგრამის პირველ ეტაპზე გამოცდიან პოტენციური ვაქცინა რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით დღეს მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ 108 ვაქცინაზე მუშაობენ. კლინიკური ცდებისთვის 8 მათგანი დაამტკიცეს.
ვაქცინის შექმნას და მის დასაფინანსებლად თანხების მოძიებას მიეძღვნა მსოფლიო ლიდერთა კონფერენცია. მიზანი 8 მილიარდი დოლარის მოძიებაა. 500-500 მილიონი უკვე გამოყვეს გერმანიამ და საფრანგეთმა
დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 250-ს ათასს გადააჭარბა. ბრიტანეთმა მსხვერპლის რიცხვით პირველ ადგილზე იტალია ჩაანაცვლა. გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ 19-ით 32 ათასი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებამ პანდემიის გასაკონტროლებლად ახალი ტექნოლოგია შექმნა, რომლის გამოცდა კუნძულ უაიტზე დაიწყეს.
პანდემიის მიუხედავად დღეს სულ უფრო მეტი ქვეყანა იწყებს საკარანტინე ზომების შემსუბუქებას. აზერბაიჯანში, სადაც ვირუსმა 25 ადამიანი იმსხვერპლა, ხალხს ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს. მომავალი კვირიდან ეტაპობრივად განაახლებენ მუშაობას სალონები და მაღაზიების ნაწილიც.
ერთ კვირაში დაიწყებს საკარანტინე ზომების შემსუბუქებას თურქეთიც, გეგმა ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელემიმართვისას გააცნო და 31-დან 7 ქალაქში შესვლის აკრძალვაც მოხსნა.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვის გაუქმებას 11 მაისიდან იწყებს საფრანგეთიც. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. 12 მაისიდან სწავლა მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განახლდება. კარანტინის შემსუბუქების დღის მოახლოება პარიზსაც დაეტყო. დედაქალაქის ქუჩებში, რომლებიც 8 კვირის განმავლობაში ცარიელი იყო, სამანქანო მოძრაობა აღდგა.