გიორგი შაქარაშვილის საქმის ე.წ. მთავარმა მოწმემ გურამ ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ ამოიცნო.
როგორც ამირხანაშვილმა აღნიშნა, მას არასრულწლოვანი 3-ჯერ ჰყავდა ნანახი. კერძოდ, ერთხელ ნახა ე.წ. ფერად შენობასთან, რომლის მახლობლადაც იმალებოდა ამირხანაშვილი, მეორედ ავტომობილში, ხოლო მესამედ საგამოძიებო უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად არასრულოვანი თავის ჩვენებაში ამბობდა, რომ იგი მცხეთის ხიდზე მყოფ ახალგაზრდებს თანმხლებ პირებთან ერთად აედევნა.
"მდინარე არაგვის ხიდთან დავინახეთ 4 პირი. ვახო ჩიქოვანმა დაიძახა, ესენი არიან, ვინც მცემესო და ვასოს მანქანა გააჩერებინა. ყველანი გადმოვედით. ჩვენ დანახვაზე ბიჭები გაიქცნენ, გავეკიდეთ. ჩემი მეგობრები ეძახდნენ რომ გაჩერებულიყვნენ და თან აგინებდნენ. წინ გავრბოდი მე და ა.ქ. უკან მოგვყვებოდნენ დანარჩენები. ოთხივემ გადაჭრა გზა. დავინახე როგორ გარბოდა უკვე სამი პირი, ერთი საით წავიდა ვეღარ დავინახე. სამივეს გავყევით მე და ა.ქ. სამივე პირმა მაგისტრალიდან ხიდის ბოლოში გაუხვიეს მარჯვნივ, ვიწრო ასფალტიან გზაზე, სადაც ერთი გზის პირას მდებარე ჯიხურთან გაუჩინარდა, მეორე მის ქვემოთ არსებულ ბუჩქებში დაიმალა, ხოლო მესამემ, რომელსაც "შორტი" ეცვა, ვიწრო საავტომობილო გზაზე ჩაირბინა, რომელიც ხიდის ქვეშ გადიოდა", - წერია არასრულწლოვნის პირველად ჩვენებაში.
მოგვიანებით, ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა აღნიშნა, რომ ხსენებული ჩვენება მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ზეწოლის შედეგად მისცა. განახლებულ ჩვენებაში ზ.ხ. ამბობს, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ავტომობილიდან არ გადმოსულა.
შეგახსენებთ, რომ გურამ ამირხანაშვილი საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.