logo
ENG



ამნისტიის კანონის განხილვისას ლევან სამუშიასა და ოცნების წევრებს შორის დაპირისპირება იყო

24 მაი 202114:27
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტების განხილვას ქართული ოცნების დეპუტატ ალუდა ღუდუშაურსა და ლელოს წევრ ლევან სამუშიას შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამუშიას დეპუტატის მანდატი არ აქვს, თუმცა სხდომას ესწრებოდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ამნისტიაზე მსჯელობა რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

ლევან სამუშიამ სხდომაზე ქართული ოცნების წევრებს მიმართა, რომ 20 ივნისის ამნისტიის კანონით საკუთარი დანაშაულებების ამნისტირებას გეგმავენ. მისივე თქმით, მაკო გომურის მიმართ მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი და ამ მუხლზეც უნდა გავრცელებულიყო ამნისტია. 

"საკუთარი გუნდის, საკუთარი დანაშაულების ამნისტირებას აკეთებთ ამით. ეს პირდაპირ ლუსტრირებაა და ვერ ითმენთ, იმიტომ ვერ ითმენთ, რომ გარდაუვალია თქვენი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი. გარდაუვალია ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობების საკითხი, გარდაუვალია ივანიშვილის პასდუხისმგებლობების საკითხი", - თქვა ლევან სამუშიამ, რაზეც დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა უპასუხა, რომ ამნისტიის კანონზე მიშელის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად მუშაობენ. 

შეპასუხების დროს ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ლევან სამუშია შეურაცხმყოფელად მოიხსენია, მას "შოუმენი" და "ოროსანი იურისტი" უწოდა. 

"თქვენ თავს თუ ვერ იკავებთ, როგორც ჩანს მისამართი შეგეშალათ, სხვა გალაქტიკაში რომ ხართ, ეს ფაქტია, [...] ხმას დაუწიე, შოუმენი ხარ, ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანე, 0-პროცენტიანო. [...] ოროსანი იურისტი ხართ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი", - უთხრა ღუდუშაურმა სამუშიას.

დაპირისპირების შემდეგ ინციდენტში მანდატურებიც ჩაერიენ სხდომაზე კი შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო. 

 


close დახურვა