logo
ENG



ამხილე ფეოდალი მაჟორიტარი - კამპანია კახეთიდან დაიწყო

24 ნოე 201920:21
3 წუთის საკითხავი
 
2kl1j9tjvmnsxco.jpg

„ამხილე ფეოდალი მაჟორიტარი“ - ამ სახელწოდების კამპანია ალეკო ელისაშვილის მოძრაობამ დღეს კახეთიდან დაიწყო. კამპანიას „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი პარტიული აქტივი და თვითმმართველობის თანამშრომლები დაუპირისპირა.

ფეოდალი მაჟორიტარი - ამ სტატუსით სამოქალაქო მოძრაობამ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი მოიხსენია. შედეგად, ბოდბისხევში დაგეგმილი საპროტესტო აქცია სიტყვიერმა და ფიზიკურმა დაპირისპირებამ ჩაანაცვლა.

ირაკლი შიოლაშვილი ერთ-ერთია იმ მაჟორიტარებიდან, რომელთაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდეს. ის სიღნაღ-დედოფლისწყაროს მაჟორიტარია. სამოქალაქო მოძრაობის კამპანია "ამხილე ფეოდალი მაჟორიტარი" ბოდბისხევში ჩავიდა. მოძრაობის ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და მის მხარდამჭერებს ადგილზე ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დახვდნენ. 

დაპირისპირებისას დააკავეს სიღნაღის საკრებულოს დეპუტატი ილია ბაიდოშვილი. მოძრაობის წევრი ნინო გოგოლაშვილი მას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს მომხდარს ხულიგნობის მუხლით იძიებს.

დაპირისპირების ფონზე ბოდბისხევის მოსახლეობა საკუთარ პრობლემებზე ჰყვება. მათი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა არ ესმის, მაჟორიტარ შიოლაშვილს კი ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება. 

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას აპროტესტებენ დედოფლისწყაროშიც - იქ, სადაც მათი მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი ცხოვრობს. თავად დეპუტატი სახლში არ იყო, მისი სასტუმრო და მაღაზია მედიის გამოჩენისთანავე დაკეტეს. 

დეპუტატი შიოლაშვილი კორუფციის ბრალდებებს უარყოფს. მისი მტკიცებით, ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირა.  

სამოქალაქო მოძრაობის კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ კახეთიდან დაიწყო და პერიოდულად ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.


close დახურვა