ანა ბაღის დამცველი, აქტივისტი გიორგი ფხალაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. შესაბამისი უწყება მას პოლიციის თანამშრომელმა დღეს, 15 აგვისტოს მიუტანა, თუმცა აქტივისტმა ის არ ჩაიბარა. შსს-ს თანამშრომელმა მას ადგილზე განუმარტა, რომ ეს ეხება ქურდობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.
აქტივისტები აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, მათი დაბარება, იმ სასამართლო დავას უკავშირდება, რომელიც ვარკეთილის მცხოვრებლებს, ანას ბაღის ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობის წინააღმდეგ აქვს დაწყებული. ამის შესახებ გიორგი ფხალაძე ფეისბუქის გვერდზე წერს და ვიდეოს ავრცელებს.
"დღეს 18 საათზე დაბარებული ვარ სამმართველოში გამოკითხვაზე. საქმე აღძრულია სსსკ-ის 177 მუხლით ქურდობის ფაქტზე. კალაძემ საქმე შეთითხნა და ავრცელებენ ამ ვიდეოს თითქოს, მე ვიპარავ რამეს. აღნიშნულ ვიდეოზე არ ვარ მე და ვერაფრით ვიქნები, რადგან ამ დროს არ ვიმყოფებოდი თბილისში. უფრო მეტიც აღმოსავლეთ საქართველოშიც კი არ ვიმყოფებოდი", - წერს ის.
რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი აქტივისტი, მამუკა დარისპანაშვილი დაიბარეს პოლიციაში. გიორგი ფხალაძე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს აქტივისტების დაკავებებსაც.