logo
ENG



ანა დოლიძე: ეს არის იმ პოლიტიკური დევნის ნაწილი, რომელსაც „ოცნება“ მუდმივად ახორციელებს

25 ოქტ 201916:55
3 წუთის საკითხავი
 
g9jdhik88nwm5jo.jpg

დარჩება თუ არა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საბჭოს წევრები დოლიძის გაწვევას პრეზიდენტს სთხოვენ. აღნიშნული წინადადება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა და მიზეზად ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა დაასახელა. თავად დოლიძე საბჭოს წევრების უმრავლესობას ქართული ოცნების ინტერესების შემსრულებლებად მოიხსენიებს და ამ პროცესს მის მიმართ პოლიტიკურ დევნად აფასებს.

ანა დოლიძის განცხადებით, ეს არის იმ პოლიტიკური დევნის ნაწილი, რომელსაც „ოცნება“ მუდმივად ახორციელებს ყველა მის კრიტიკოსზე.

„ყველაზე სამწუხარო არის, რომ ამ შემთხვევაში შეხება გვაქვს მოსამართლეებთან, რომლებიც უნდა იდგნენ ჩვენი გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე. ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობა ძალიან დიდ დისკომფორტს აყენებს „ქართულ ოცნებას“, დიდ დისკომფორტს უქმნის ამ მოსამართლეებს, რომლის კლანს ვანგრევ მე სხვა ადამიანებთან ერთად და ეს არის იმ პოლიტიკური დევნის ნაწილი, რომელსაც "ოცნება" მუდმივად ახორციელებს ყველა მის კრიტიკოსზე,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

საბჭოს სულისკვეთებას არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი განცხადებით, იუსტიციის საბჭოს წევრები, საბჭოს წევრებს შერჩევითად უდგებიან.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არ მოუხდენია თავის დროზე რეაგირება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მოსამართლეები მაგალითად ლევან მურუსიძის პოლიტიკურ დებატებში, წინასაარჩევნო ძალიან აქტიურ პერიოდში იყვნენ ჩართულები. საბჭოს სულისკვეთებას მე არ ვიზიარებ სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი უდგებიან გარკვეულწილად შერჩევითად წევრებს და არ აქვთ რეაგირება სხვა პირებზე," - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების კერძოდ ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს, პასუხობენ მმართველ გუნდში. ისი ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო და მათ კომპეტენციაში პარლამენტი არ ერევა.

"პოლიტიკური აქტივობისთვის ის უნდა გაიწვიონ თუ არა მე ამაზე პოზიციას ვერ დავაფიქსირებ და შეიძლება ზედმეტიც იყოს ამის მოთხოვნა, თუმცა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, გამოხატვის თავისუფლების საკითხები და ბალანსი უნდა დავიცვათ," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება იმ ორგანომ უნდა მიიღოს, რომელიც უფლებამოსილი არის მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებაზე.

"ეს არის საკითხი რომელიც წარმოადგენს, კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს პრეროგატივას, მათი შეფასების საგანია, ის თუ კონკრეტული პირი როგორ იქცევა, რა განცხადებებს აკეთებს. მე ვერაფერს ვერ გეტყვით ამის მეტს, დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. როგორც საბჭოს მიმართვაშია ნათქვამი, ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც.


close დახურვა